როგორ შევინახოთ სეზონური მალფუჭებადი პროდუქტი ისე, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში არ გახდეს - ექსპერტის რჩევები

ხორცი და რძე

ზაფხულის დადგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია საზოგადოება ინფორმირებული იყოს ამა თუ იმ პროდუქტის სწორად შენახვის წესებსა და ვადებზე.

სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა "შუადღის" ეთერში პროდუქტის უსაფრთხო შენახვასა და ვადებზე საუბრობს.

როგორ უნდა შევინახოთ სეზონური მალფუჭებადი საკვები სამაცივრე პირობებში სწორად. ზაფხულში მალფუჭებადი პროდუქტის შენახვას გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება.

მარიამ ჩაჩუა საუბრობს ზოონოზურ დაავადებებზე, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის, ამიტომ, მისი თქმით, ცხოველურ პროდუქტებზე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რაც თერმულ სწორ დამუშავებას და ჰიგიენის წესების დაცვას მოიაზრებს.

ხორცპროდუქტები

ხორცი სასურველია ულუფებად იყოს დაყოფილი, რადგან პროდუქტის მთლიანად გალღობა და შემდეგ გაყინვა არ არის რეკომენდირებული. აუცილებელია ხორცი გალღვეს პლიუს მაცივარში და არა ოთახის ტემპერატურაზე.

ნახევარფაბრიკატის ყიდვის დროს აუცილებელია მყიდველმა ყურადღება მიაქციოს, რომ პროდუქტი ერთმანეთზე შეწებებული არ იყოს, რადგან შეწებებული პროდუქტი იმის მანიშნებელია, რომ პროდუქტი არასწორად იყო გაყინული, ან მაცივარი იყო გამორთული და პროდუქტი თავიდან გაიყინა.

რძის ნაწარმი

რძის ნაწარმიდან სულგუნი ყველაზე დიდხანს ინახება, რადგან თერმულად დამუშავებული პროდუქტია. იმერული ყველი შესაძლოა სამაცივრო პირობებში 1 კვირამდე შეინახოს, ხოლო თუ 1 კვირაზე მეტხანს გსურთ შენახვა, ყველეული სასურველია ე.წ. წათხში მოთავსდეს.

თევზეული

თევზის შემთხვევაში, აუცილებელია, პირველ რიგში ლაყუჩებზე დაკვირვება - ლაყუჩები არ უნდა იყოს მომწვანო-მონაცრისფრო შეფერილობის, რადგან ეს იმის მანიშნებელია, რომ არასწორად არის შენახული ან იზრდებოდა გუბურაში. თევზის თვალები უნდა იყოს ამობურცული და მკვრივი, ასევე მისი ქერცლი უნდა იყოს ერთგვაროვანი და მბზინვარე.

თევზის ზედაპირზე დასაშვებია მცირე ლორწო, რადგან თევზჭერის დროს თევზი სტრესს განიცდის და მცირე ლორწო გამოეყოფა.

აუცილებელია ყველა გაყინულ პროდუქტში ყურადღება მიექცეს, რამდენად სქელი ყინულის ფენა აქვს ამა თუ იმ პროდუქტს - თუ პროდუქტს აქვს სქელი ყინულის ფენა, ის რამდენჯერმე არის გაყინული, რაც ჯანმრთელობისთვის მავნებელია.