რატომ ახვევენ ფრანგები კარის სახელურზე ფოლგას - უცნაური ტრენდი TikTok-იდან

კარის საკეტი

საფრანგეთში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს სახლის დაცვის მეთოდი, რომელიც სახლიდან გასვლამდე კარის სახელურზე ალუმინის ფოლგის შემოხვევაში მდგომარეობს. ექსპერტებმა განმარტეს, მართლაც შეუძლია თუ არა ამ მარტივ მეთოდს საცხოვრებლის ქურდებისგან დაცვა - წერს Maison & Travaux.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოკლე ვიდეოებში კარის სახელურს უბრალოდ ალუმინის ფოლგის ნაჭერს ახვევენ. მანამდე მას ოდნავ ჭმუჭნიან, რათა შეხებისას დამახასიათებელი ხმაური გამოსცეს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ვინმე ხელს მოჰკიდებს სახელურს ან საკეტის გაღებას შეეცდება, ფოლგის შრიალი ამის შესახებ გააფრთხილებს ბინის მფლობელს. გარდა ამისა, თუ მასპინძლების არყოფნისას კარის სახელურს ვინმე შეეხო, დაჭმუჭნილმა ან გახეულმა ფოლგამ შესაძლოა დატოვოს კვალი, რაც ამაზე მიუთითებს.

უსაფრთხოების სპეციალისტების თქმით, ეს მეთოდი რეალურ დაცვას არ უზრუნველყოფს. ჯერ კიდევ 2024 წელს პოლიცია აფრთხილებდა მოსახლეობას, რომ ალუმინის ფოლგის ტრიუკს არ შეუძლია ჩაანაცვლოს უსაფრთხოების მანამდე გავრცელებული  საშუალებები და ის ეფექტური დაცვის გარანტიას არ იძლევა.

ამასთან, უმეტეს შემთხვევაში ქურდები სახლში შეღწევისას ნაკლებად იყენებენ შესასვლელ კარს. ექსპერტების თქმით, ასეთი „ლაიფჰაკების“ ერთ-ერთი მთავარი საფრთხე უსაფრთხოების ცრუ შეგრძნების შექმნაა. ადამიანმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ მისი საცხოვრებელი საკმარისადაა დაცული, მაშინ როდესაც სინამდვილეში ეს ასე არ არის.

არსებობს მარტივი ჩვევები და ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც საცხოვრებლის უსაფრთხოების ამაღლება შეუძლია:

ნუ გამოაქვეყნებთ ინტერნეტში ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის მიდიხართ და რამდენ ხანს იქნება სახლი ცარიელი.
ნუ დატოვებთ სათადარიგო გასაღებს ყვავილების ქოთანში, კარის წინ ხალიჩის ქვეშ ან საფოსტო ყუთში.
შეგიძლიათ დატოვოთ სახლში ადამიანების ყოფნის ნიშნები, მაგალითად, მცენარეები ან დეკორატიული ელემენტები ფანჯრებზე ან აივანზე.
უფრო სერიოზული დაცვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჯავშნილი (ბრონირებული) კარები, საკეტის უფრო საიმედო გული (ცილინდრი), ფანჯრის საკეტები, კამერა ან სიგნალიზაცია. ექსპერტები ასევე უწევენ რეკომენდაციას ე.წ. „ანტიბამპინგურ“ ცილინდრებს, რომლებიც შესაძლოა უფრო მდგრადი იყოს გატეხვის ზოგიერთი გავრცელებული მეთოდის მიმართ.
ფოლგა სახელურზე - უფრო ტრენდია, ვიდრე დაცვა;
კარის სახელურზე ფოლგა იმის ერთ-ერთი მაგალითია, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელებში მარტივი საოჯახო ხერხები, რომლებიც ეფექტური ჩანს. თუმცა, სინამდვილეში, ალუმინის ფოლგის ნაჭერს დამოუკიდებლად არ შეუძლია სახლში შეღწევის აღკვეთა.

სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საბაზისო სიფრთხილე, საიმედო საკეტები და, საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების შემოწმებული სისტემები რჩება.