რა იწვევს წელისა და კისრის გაშეშებას ყველაზე ხშირად - რას ამბობს სპეციალისტი

კისრის გაშეშება

კისრისა და წელის გაშეშება, ალბათ, ყველა ადამიანს ერთხელ მაინც გამოუცდია. მიზეზი კი შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. ექიმი-ნევროლოგი, მაკა ხაჩიძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ გავუმკლავდეთ კისრისა და ზურგის ტკივილს:

- კისრისა და წელის გაშეშება განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულის პერიოდში, კონდიციონერის გამოყენებასთან ერთადაა. კონდიციონერი მავნე საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი არასწორი გამოყენება, შესაძლებელია, ამ ჩივილების წარმოქმნის მიზეზი გახდეს. პირდაპირი ცივი ჰაერის ნაკადი, რომელიც მიმართულია კისრისა და წელის ნაწილისკენ, გადაციებას იწვევს. მიზეზი კუნთების სპაზმია, რომელიც ცივი ტემპერატურის ზეგავლენით ხდება. ასევე, ხშირად მიზეზი ცხელი გარემოდან ცივ გარემოში უეცრად გადასვლაა. ამ დროსაც ორგანიზმის თბორეგულაცია კუნთებისა და სისხლძარღვების შეკუმშვით პასუხობს. შესაძლებელია, სხვა მიზეზებში არასწორ პოზაში დიდხანს ჯდომა, არასწორ პოზაში ძილი განვიხილოთ. ასევე, ორგანიზმის გადაღლა. ძალიან დიდი ფაქტორია სტრესი და უარყოფითი ემოციები, რაც ჩვენი კუნთების დაძაბვასა და სპაზმს იწვევს, განსაკუთრებით, კისრის სეგმენტში. გარდა ამისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც: იმუნური სისტემის დაქვეითება, სხვადასხვა ნევრალგია და კუნთის ანთება.