რა დაავადებები გადადის რწყილის ნაკბენით და როგორ დავამუშაოთ ინფექციის ადგილები

რწყილის ნაკბენი

ზაფხულის სეზონზე, როცა ღია ცის ქვეშ, სკვერებში თუ აგარაკებზე დიდ დროს ვატარებთ, კოღოების შემდეგ რწყილები ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი პრობლემაა.
წელს ბევრმა მშობელმა სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ სკვერიდან შვილები რწყილების ნაკბენებით დაბრუნდნენ.
„რამდენიმე დღის წინ მყავდა სახლთან ახლოს სკვერში ბავშვი და იმ საღამოს საშინელი ქავილი აუტყდა ფეხებზე. აღმოჩნდა, რწყილებისგან იყო დაკბენილი.
შარშანაც იგივე დამემართა, სხვა ადგილას ოღონდ. მეც და ბავშვიც საშინელ დღეში ვიყავით“ - ნათქვამია ერთ-ერთ პოსტში.

ბევრი ფიქრობს, რომ შინაური ცხოველების რწყილები სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის. მაგრამ ასე არ არის. ეს მწერები არც ისე უვნებლები არიან.

რწყილი სისხლის მწოველი მწერია და სისხლის საშუალებით მრავალი საშიში დაავადება გადააქვს. რწილის ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციაც, განსაკუთრებით ალერგიისკენ მიდრეკილ ადამიანებში, ასევე გამოიწვიონ მუდმივი უძილობა და ნევროზი.
ადამიანებზე რწყილები ყველაზე ხშირად შინაური ცხოველებისგან გადადიან, მათ შორის ძაღლებისა და კატებისგან. რწყილები ხშირად ჩნდებიან სახლების პირველ სართულებზე, რადგან სარდაფებში მყოფი ვირთხები ავრცელებენ

რწყილებით გადატანილი დაავადებები

შავი ჭირი - ეს ბაქტერიული დაავადება ვირთხიდან რწყილის ნაკბენით გადადის. კაცობრიობა ამ დაავადებას 1000 წელზე მეტია ებრძვის. ამჟამად დაავადების პრევენციისთვის ზომები მიღებულია, მაგრამ ინფიცირების შესაძლებლობა არსებობს.
ტოქსოკარიაზი - (ადამიანის ინფექცია მრგვალი ჭიის კვერცხებით). რწყილები ჭიის კვერცხებით ასნებოვნებენ ადამიანის სხეულს. გამოჩეკილი ჭიები იწყებენ მიგრაციას ადამიანის შინაგან ორგანოებში და აზიანებენ ქსოვილებს, იწვევენ ალერგიულ ანთებას ფილტვებში, ღვიძლში და სხვა ორგანოებში.
სარკოფსილოზი - მას იწვევს ქვიშის (მიწის) რწყილი. მწერი ფეხის კანში შეღწევის შემდეგ, ყველაზე ხშირად ფრჩხილების ქვეშ,  ვითარდება და კვდება, რაც იწვევს ქავილს, გაღიზიანებას, შეშუპებას და წყლულს.
რწყილის დერმატიტი - ეს დაავადება მიმდინარეობს იმუნოპათოლოგიური რეაქციის ტიპის მიხედვით, ე.ი. ქავილს იწვევს არა მხოლოდ დაკბენილი ადგილი, არამედ კანის სხვა უბნებიც. ამ დაავადების მკურნალობა რთულია.

რწყილების სისხლში არსებული ვირუსებიც საშიშია, რადგან ისინი იქ დიდხანს რჩებიან ორგანიზმში. გარდა საშიში დაავადებებისა, რომლის წყაროც რწყილებია, რწყილის ნაკბენის შემდეგ ადამიანს უვითარდება ძლიერი ქავილი და გაღიზიანება, რაც შეიძლება გადაიზარდოს მძიმე ალერგიულ რეაქციაში. როგორც წესი, ნაკბენები კონცენტრირებულია ფეხებზე.

როგორ ვებრძოლოთ რწყილებს და მის ნაკბენს

თუ მიზეზი თქვენი შინაური ცხოველია, პირველ რიგში ვეტერინარს მიმართეთ, რათა ცხოველები ამ მწერისგან გათავისუფლდნენ.
ამის შემდეგ უნდა დაამუშაოთ სახლი. არსებობს სპეციალური სადეზინფექციო ამპულები რწყილებისთვის, რომელიც ზოო მაღაზიებში იყიდება და ყველა მათგანს აქვს თავისი დოზირება და დამუშავების წესი. კონსულტანტი ადგილზე გაგარკვევთ მოხმარების წესებში. სითხეს როდესაც მოასხურებთ, ამის შემდეგ 4 საათით მაინც უნდა დაიკეტოს სახლი და არავინ უნდა იყოს
შიგნით, არც ადამიანი და არც ცხოველი. შემდეგ ხდება ტერიტორიის განიავება და მოწმენდა.
მწერის ნაკბენზე რეაქცია ადგილობრივი გაწითლებით, შეშუპებით, ქავილით და ტკივილით ვლინდება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თუ ნაკბენის გარშემო რეაქცია 5-10 სმ-ზე მეტია პაციენტი უჩივის სუნთქვით გაძნელებას, სხვადასხვა ორგანოს შეშუპებას, ხმის ტემბრის შეცვლას, გონების დაბინდვას, დიარეას, გულისრევას და ღებინებას, ანუ საქმე გვაქვს ანაფილაქტოიდურ მდგომარეობასთან ანუ საკმაოდ ძლიერი ტიპის ალერგიულ რეაქციასთან და დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას ან გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.

არ გადაიფხიკოთ ნაკბენი დანის პირით;
ნაკბენი მოვიბანოთ ანტიალერგიული საპნითა და წყლით;
ნაკბენზე დავიდოთ ცივი საფენი, ყინულის კუბურა;

წყარო: მშობლები.ჯი