"ნუ დაგვენანება, ვუთხრათ, მიყვარხარ, მომწონხარ. სითბო გავიმეტოთ. ვეცადოთ ძილის წინ..." - რას გვირჩევს გულის ჯადოქარი გულიკო ჩაფიძე

guliko

გაზაფხულს გულის აჩქროლება ახლავს თან. კვირტების აფეთქებასთან ერთად, თითქოს გულიც სხვაგვარად იწყებს ფეთქვას.

ლეგენდარული კარდიოლოგი - 92 წლის გულიკო ჩაფიძე, "პრაიმტაიმის" მკითხველს ზოგად რჩევებს აძლევს; იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს, რა უნდა გავითვალისწინოთ.

გულიკო ჩაფიძე: მათ, ვინც იცის, რომ გულის დაავადებები აქვს, გაზაფხულ-შემოდგომაზე ექიმის გამოწერილი წამლების მიღება აუცილებელია. გარდამავალი პერიოდია და დაავადებების გამწვავება ხდება.

ფეხით სიარული და აქტიურად ყოფნა ძალიან კარგია. თუმცა ზომიერების დაცვა საჭიროა. ზოგი საერთოდ არ დადის ფეხით, ზოგიც იმაზე მეტს დადის, ვიდრე უნდა დადიოდეს. 

ძნელია იმის თქმა, დღეში საშუალოდ რამდენი კილომეტრი უნდა გაიაროს ადამიანმა. ინდივიდუალურია და ადამიანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ზოგს ნახევარი კილომეტრის გავლა უჭირს, ზოგი სამ და ხუთ კილომეტრს თავისუფლად გადის. თუ რაიმეს უჩივით, ექიმისგან უნდა აიღოთ კონსულტაცია, რამდენი კილომეტრის გავლაა კონკრეტულად თქვენთვის რეკომენდებული. 

ზოგადად ფეხით სიარული გულისთვისაც სასარგებლოა და ბევრი სხვა რამისთვის. მაგრამ ფეხით სიარულში ჰაერზე სიარული იგულისხმება და არა ოთახებში. დიასახლისები მეუბნებიან ხშირად, ყოველდღიურად იმდენს გავდივარო. სამზარეულოდან საძინებლამდე და უკან, არ ითვლება. გარეთ უნდა იაროთ, თორემ სახლში რაც არ უნდა ბევრი საქმე აკეთოთ, ეს არ ჩაგეთვლებათ ფეხით სიარულში.

სირბილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის არ არის საჭირო. მხოლოდ მშვიდი სიარული.

აქტიურობა საჭიროა. წოლა და პასიურობა არ არის კარგი.

რაც შეეხება კვებას. გულისთვის შაქრიანი და ზედმეტად ცხიმიანი საკვები სასარგებლო არ არის. წონა უნდა აკონტროლოთ. როგორც გასუქება არ ვარგა, ასევე - ძალიან გახდომაც. როგორც სიმსუქნეა პრობლემური, შეიძლება იმაზე პრობლემური გახდეს ზომაზე მეტად სიგამხდრეც. აქაც ზომიერებაა საჭირო.

ძილის წინ უნდა ვეცადოთ გარეთ გავიდეთ, ფეხით გავიაროთ ნახევარი საათი. მშვიდად ისეირნეთ, დაბრუნდით და დაწექით დასაძინებლად. საერთოდ ძილის წინ ეცადეთ მშვიდად იყოთ. მოფერება, თბილი სიტყვა - ეს აუცილებელია სიმშვიდისთვის როგორც დილას, ასევე საღამოს.

არაჩვეულებრივია მუსიკის მოსმენა. ეს თერაპიაა. ვისაც რა ჟანრის მუსიკა უყვარს, იმას უსმინოს. 

გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან.

ქართველებს ღამით კვება გვიყვარს. არ არის სასურველი. გამოიმუშავეთ წესად, რომ გვიან არ ჭამოთ.

უარყოფითი სტრესი რომ არაფრისთვის ვარგა, ყველამ იცის. გარემო და ხალხი უნდა იყოს დაწყნარებული. მეტი სიყვარული და პატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანიც უკეთ იგრძნობს თავს. გარემოა აგრესიული და ეს უნდა დაითრგუნოს, არ შეიძლება. რაც მეტი სიმშვიდე იქნება, ადამიანებიც კარგად იქნებიან. 

მოფერება ყველას და ყველაფერს სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და ინფექციური დაავადება (ბატონებს რომ ეძახიან) ემართებოდა, დედა, დეიდა თუ ბებია გიტარას უკრავდა, უმღეროდა, დადებითი ემოციით ავსებდა ბავშვს, ამშვიდებდა, ახალისებდა.

სიყვარული და სითბოა საჭირო. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული! ნუ დაგვენანება, ვუთხრათ, მიყვარხარ, მომწონხარ.

ბევრი თბილი გვაქვს და გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. ეს განწყობაზე მოქმედებს და ადამიანი უკეთ ხდება...