„ჩაქაფულს ხბოსგანაც ამზადებენ და ქათმისგანაც, მაგრამ სისულელეა. ჩაქაფული არის ბატკნის!" - რეცეპტის საიდუმლო გია დავითიანისგან

chaqafuli

ჩაქაფული ჭამა-სმის მოყვარულმა ქართველებმა სააღდგომო სუფრის მთავარ კერძად აქციეს. პირველად კერძი  ბატკნისგან დამზადდა, შემდეგ კი გაჩნდა ვარიაციები და ჩვენს მენიუში შემოვიდა ხბოს, ქათმის, კურდღლის და სოკოს ჩაქაფულები.

მომღერალი გია დავითიანი "პრაიმტაიმთან", მისეული ჩაქაფულის საიდუმლოებას ამხელს.

გია დავითიანი: ჩაქაფული ბატკნისგან მზადდება, ციკნისგან - არა. ციკანი ან რძეში იხარშება და ამგვარად მისართმევი კერძია, ან თონეში იწვება. ისე იპუტება, როგორც გოჭი, შემდეგ კანიანად იწვება და ცხელ-ცხელი უნდა მიირთვათ.

აი, ბატკნის ჩაქაფულს კი ისეთს ვაკეთებ, არ ვიტრაბახებ, მაგრამ ჩემი საძმაკაცო თითებს იკვნეტს. ხბოსგანაც მზადდება, მაგრამ არც ეგაა ჩაქაფული და არც ქათმის. იგონებენ სისულელეს. ჩაქაფული არის ბატკნის!

მამა აკეთებდა გადასარევად და მისგან ვისწავლე. კაცის ხელისგან გაკეთებული ეს კერძი, სულ სხვაა.

ბატკნის დუმა წვრილად უნდა დაჭრა და მოხრაკო იმ  ქვაბშივე, სადაც შემდეგ ხორცს მწვანილთან ერთად ფენებად ჩაალაგებ. თავსახურს დააფარებ და მოხარშავ, ტყემალი კი, გამორთვის შემდეგ უნდა დააყაროთ, რომ ვიზუალი შეინარჩუნოს და არომატიც გაუშვას. 15 წუთი უნდა, რომ გამორთულ ქვაბში ტყემალმა ნახევრად ჩახარშვა მოასწროს და შემდეგ ამოიღეთ. 200-გრამიანი ჭიქით კახური ღვინო უნდა ჩაუშვათ, ახალი ნიორი, მწვანე წიწაკა... კურკა ხომ შეგხვედრიათ ჩაქაფულში? ეს უკვე სუსტი დიასახლის ამბავია. ტყემალი კერძში ჩაშლილი არ უნდა იყოს.