"ბავშვებს ვაძალებთ: "წამოდი, მოინანიე, უთხარი მოძღვარს..." - მეოცე საუკუნის მქადაგებელი პატარა აღმსარებლებზე

voronejeli

 აბერდინის უნივერსიტეტის და კემბრიჯის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის საპატიო დოქტორს, მოსკოვისა და კიევის სასულიერო აკადემიათა საპატიო დოქტორს, ფილოსოფოსსა და მქადაგებელს, მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელს ბავშვების ქრისტიანულად აღზრდის შესახებ საგულისხმო რამ აქვს ნათქვამი:

ანტონ სუროჟელი: პირადად მე მორწმუნე ბავშვი არ ვყოფილვარ, თხუთმეტ წლამდე ჩემთვის ღმერთი არ არსებობდა. ამიტომ არ ვიცი, რა ხერხებს მიმართავენ, რომ ბავშვი რწმენით გაიზარდოს. ამიტომაა, რომ პატარა ბავშვების აღზრდას ხელს არ ვკიდებ, ამას ვიწყებ პერიოდიდან, როდესაც მათთან მსჯელობაა უკვე შესაძლებელი.

ერთი კი დანამდვილებით ვიცი, ბავშვზე უნდა ვილოცოთ.

ორსული ქალი აუცილებლად უნდა ლოცულობდეს, აღსარებას ამბობდეს, ეზიარებოდეს, რადგან ის, რაც მის თავს ხდება, ვრცელდება ნაყოფზეც. როცა ბავშვი უკვე გაჩენილია, მისთვის უნდა ვილოცოთ. ხოლო რაც შეეხება ერთობლივ ლოცვას, მგონია, რომ სათანადო ლოცვის შერჩევაა საჭირო (დასაშვებია შეთხზვაც), რომელიც მიაღწევს არა ყველა, არამედ იმ კონკრეტულ ბავშვის გულამდე.

რითი არსებობს, რა გზით შეუძლია ღმერთთან საუბარი - ეს მხოლოდ მშობლებმა იციან, რადგან კარგად უწყიან, როგორ საუბრობს ბავშვი მათთან. ხშირად ვახერხებთ ხოლმე დიდი სიხარულის უსიამოვნო მოვალეობად გადაქცევას.

მახსოვს, ერთხელ ეკლესიისკენ მიმავალმა, გზად ლოსკებთან შევიარე (ჩვენ პარიზში ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით). ემზადებიან, ჩააცვეს სამ ბავშვს, მეოთხე დგას და ელოდება, მაგრამ მას არ აცმევენ. იკითხა: „მე?“ მამამ კი უპასუხა: „შენ ამ კვირაში ისე იქცეოდი, რომ ეკლესიაში არაფერი გესაქმება! ასეთი ქცევა არ შეეფერება ქრისტიანს. ახლა კი იჯექი სახლში...“
ჩვენ კი ხშირად საპირისპიროდ ვიქცევით; ვაძალებთ: „წამოდი, წამოდი, მოინანიე, უთხარი მოძღვარს...“ საბოლოოდ, უფალთან შეყრა გადაიქცევა ხოლმე ვალად, აუცილებლობად და საშინელი სამსჯავროს ძალიან უსიამოვნო კარიკატურად.

თავიდან ბავშვს შთააგონებენ, რა საშინელი და საშიში იქნება მისთვის ცოდვების აღიარება, შემდეგ კი იქ იძულებით აგდებენ. ვფიქრობ, ეს ცუდია. ჩვენთან შვიდი წლის ბავშვები ამბობენ აღსარებას, ხან ოდნავ პატარებიც მოდიან, ოდნავ დიდებიც, გამომდინარე იქიდან, მიაღწიეს თუ არა იმ ასაკს, როდესაც საკუთარი ქმედებების შეფასება შეუძლიათ. ხანდახან ბავშვს საკუთარი შეცოდებების გრძელი ჩამონათვალი მოაქვს. არადა, ცოდვები დედიკომ ჩამოუწერა, თან ისეთები, თვითონ რომ აღიზიანებს. ბავშვი კი კითხვაზე - „შენ ნამდვილად გრძნობ, რომ ეს ცოდვაა?“ - შემოგხედავს და გიპასუხებს - არას. „და რატომ ამბობ აღსარებაში?“ - "დედამ მითხრა..."

ბიოგრაფია

ანდრეი ბლუმი (ასე ერქვა მიტროპოლიტს ერისკაცობაში) დაიბადა 1914 წლის 19 ივნისს, ლოზანაში, შვეიცარიაში. დედის მხრიდან, მისი ძმისშვილი იყო ცნობილი კომპოზიტორი ალექსანდრე სკრიაბინი. ბავშვობა რუსეთსა და ირანში გაატარა. მისი ოჯახი 1923 წელს გადასახლდა ევროპაში. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ბიოლოგიური და სამედიცინო ფაკულტეტი.

1939 წლიდან ფრონტის ხაზზე საფრანგეთის არმიის ქირურგად მსახურობდა. 1943 წლის 16 აპრილს აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად ანტონი. საფრანგეთის ოკუპაციის წლებში აგრძელებდა ქირურგობას ანტიფაშისტურ, წინააღმდეგობის მიწისქვეშა ორგანიზაციაში. სამედიცინო კარიერა გააგრძელა 1948 წლამდე, მანამ სანამ მიტროპოლიტმა სერაფიმე ლუკიანოვმა ხელი არ დაასხა მღვდლად.ხელდასხმის შემდეგ მამა ანტონი მსახურობდა ლონდონის რუსულ მართლმადიდებლურ ტაძრებში. 1957 წელს შედგა მისი საეპისკოპოსო ქიროტონია და დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეგზარქატის ვიკარად. 1966 წლიდან აყვანილი იქნა მიტროპოლიტის ხარისხში და დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეგზარქოსად. მიტროპოლიტი ანტონი გარდაიცვალა 2003 წლის 4 აგვისტოს, ლონდონში. დასაფლავებულია ბრომპტონის სასაფლაოზე, ლონდონში.