ზურაბ პატარაძემ ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო

ზურაბ პატარაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბათუმის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 მებრძოლი, მათ შორის 2 სამხედრო მოსამსახურე აჭარიდან ემსხვერპლა.

"ჩვენ ყოველწლიურად ვიხსენებთ ჩვენს შინდისის გმირებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. ერთი მხრივ დღევანდელი დღე არის ტრაგედია, ძალიან მძიმე დღე, თუმცა მეორე მხრივ - გული ივსება სიამაყით და ღირსებით. ზუსტად მათ მაგალითზე, მათ თავგანწირვაზე დღეს იზრდება ახალგაზრდა თაობა და ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო, როგორ უნდა ემსახურო შენს ქვეყანას. მინდა მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე", - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.