1744879827
ყველასია ეს დღე, 9 აპრილი არის საქართველოს დღე, მაგრამ ფარისევლობას აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს, ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, ვინც არის ღირსი, რომ აქ მოვიდეს - პაატა ბურჭულაძე

9 აპრილის ტრაგედიას ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები პროვოკაციებისთვის იყენებენ - ასეთია შეფასება მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გარედან მართული ძალები ცდილობენ დაღუპულთა ხსოვნა და ქვეყნისთვის ეს ტრაგიკული თარიღი დაპირისპირების და ქაოსის საშუალებად აქციონ.
სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმაც.
"9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძეც - პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ 9 აპრილი ყველას დღეა, თუმცა ფარისევლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
"ყველასია ეს დღე, არავისი ცალკეული - 9 აპრილი არის საქართველოს დღე. მაგრამ, აქ ითქვა რაღაც და მეც ვეთანხმები - ადამიანმა უნდა ჩათვალოს ვინ არის ღირსი აქ მოვიდეს და ვინ არა, ფარისევლობას აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, მე ამას ვამბობ, ყველას, ვინც არის ღირსი იმისთვის, რომ აქ მოვიდეს", - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, დღეს 9 აპრილის მემორიალთან რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა მმართველი გუნდის წევრებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს.