ყველას, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვაფრთხილებთ, უმკაცრესი პასუხისმგებლობა დადგება ნებისმიერი ადამიანის მიმართ, თუ არჩევნების პროცესს ხელს შეუშლის და კანონსაწინააღმდეგოდ რაიმე ფორმით ჩარევას გაბედავს - გივი მიქანაძე

მიქანაძე

ყველას, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვაფრთხილებთ, უმკაცრესი პასუხისმგებლობა დადგება ნებისმიერი ადამიანის მიმართ, თუ არჩევნების პროცესს ხელს შეუშლის და არჩევნებში კანონსაწინააღმდეგოდ რაიმე ფორმით ჩარევას გაბედავს, - ამგვარად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გივი მიქანაძე მარნეულში მომხდარ შემთხვევას.

„ყველამ ვნახეთ, რომ ის, რაც მოხდა მარნეულში, ყველა შემთხვევაში არის მიზანმიმართული პროვოკაცია. ესა რის მოქმედება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტულ ნიშნებს შეიცავს და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფაქტს შეისწავლიან.

რეალურად იკვეთება მოცემულობა, რომ ეს არის დადგმული პროვოკაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანმა, რომელიც კადრებში ვიხილეთ და ახორციელებდა მიზანმიმართულად ბიულეტენების ჩაყრას საარჩევნო ყუთში, ძალიან კარგად იცოდა, რას აკეთებდა და ისიც ძალიან კარგად იცოდა, რომ მიმდინარეობდა მისი გადაღება როგორც იქ არსებული კამერით, ასევე ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ის გარემოება, რომ სწორედ „ნაცტელევიზიის“ წარმომადგენელი ზუსტად შეესწრო იმ ფაქტს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მოცემულობა გაქვს მართლაც ისეთი, რომ პროცესი მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ გარემოში, გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი ხელშესახები ფაქტორი ოპოზიციას არ აქვს გარდა იმისა, რომ მოაწყოს პროვოკაციები იმიტომ, რომ მათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ. თან ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ამაზე მათი განცხადებებიც მეტყველებს და სოციალურ ქსელებში გაკეთებული მოწოდებები მათი ამომრჩევლის მიმართ, „გაიღვიძეთ, მოდით უბნებზე, მოგვეცით ხმა“. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ახლა მათი ერთადერთი ორიენტირი არის, რომ როგორმე დააზიანონ არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესები, რომ რაღაც ფორმით მაინც ჩრდილი მიაყენონ ამ არჩევნების ლეგიტიმაციას.

აქედან გამომდინარე ჩვენ არ გამოვრიცხავთ სხვა პროვოკაციებსა, თუმცა, კიდევ ერთხელ ყველას, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვაფრთხილებთ, რომ უმკაცრესი პასუხისმგებლობა დადგება ნებისმიერი ადამიანის მიმართ, თუ არჩევნების პროცესს ხელს შეუშლის და არჩევნებში კანონსაწინააღმდეგოდ რაიმე ფორმით ჩარევას გაბედავს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მარნეულში საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების შესაძლო ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.