ყველას მინდა, მოვუწოდო, რომ არ შევიდეთ დაპირისპირებაში. ეს არის ერთადერთი, რაც აწყობს ოპოზიციას - კახა კალაძე

კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყველას მოუწოდებს, არ შევიდნენ დაპირისპირებაში, რადგან მისი შეფასებით, ეს არის ერთადერთი, რაც აწყობს ოპოზიციას.

კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე მომხდარი არც ერთი ინციდენტი არ რჩება რეაგირების გარეშე.

„ყველა დაპირისპირების ფაქტს მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში, საარჩევნო უბნებში დადის ხაბეიშვილის ე.წ. ზონდერდაჯგუფებები, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას, ამის კადრებიც ვიხილეთ მაგალითად, ისანში, როგორ მიუვარდნენ ახალგაზრდებს, დაუპირისპირდნენ და შემდეგ როგორ გაიქცნენ. რა თქმა უნდა, ყველას მინდა, მოვუწოდო, რომ არ შევიდეთ დაპირისპირებაში. ეს არის ერთადერთი, რაც აწყობს ოპოზიციას, ვაშაძის ბრიფინგი იყო და მანაც თქვა ამ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. მშვიდად მივცეთ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი არჩევანი დააფიქსირონ”, - განაცხადა კახა კალაძემ.