„ყველას კარგად გახსოვთ ისტორია, როდესაც ვამბობდით, რომ უცხოური დაფინანსება არ გამოიყენება იმ მიზნებისათვის, რაც არის თითქოს და ოფიციალურად დეკლარირებული, სინამდვილეში, ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა“ - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

"ქართული ოცნება" დაანონსებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. კანონპროექტი, რომელიც ამერიკული "ფარას" ანალოგია და მედიის კანონის ბრიტანული მოდელი დღეს ბიუროზე დარეგისტრირდება, რის მერეც განხილვები ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი სესიაზე დაიწყება.

საკანონმდებლო პაკეტში შედის ასევე ცვლილება, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას ეხება.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ინიციატივის მიზანი გარე ჩარევებისგან დაცვა, სამართლებრივი გარანტიები და სპეკულაციების დასრულებაა.

"ყველას კარგად გახსოვთ ისტორია, როდესაც ვამბობდით, რომ უცხოური დაფინანსება არ გამოიყენება იმ მიზნებისათვის, რაც არის თითქოს და ოფიციალურად დეკლარირებული, სინამდვილეში ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა.

დღეს, თვითონ წყარო ამ დაფინანსებისა ვინც იყო, ამერიკის შეერთებული შტატები, ძირითადად თვითონ იქ მოხდა ამ საკითხის ლუსტრაცია თავიდან ბოლომდე. იმისათვის, რომ სუვერენულმა სახელმწიფომ შეძლოს დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, დაიცვას დემოკრატია გარე უკანონო ჩარევებისგან, საჭირო არის ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც ამას უზრუნველყოფს. ამ მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია ყველაზე უფრო ქმედითუნარიანი კანონმდებლობა.

მედიასთან დაკავშირებით ჩვენ სწორედ ყველაზე გამოცდილი, ტრადიციული კანონმდებლობა, ამ შემთხვევაში ბრიტანული კანონმდებლობა ავიღეთ.

მექანიზმი, რომელიც იყო მინდობილი თვითრეგულაციაზე, ამ მექანიზმმა ფაქტია, სახეზე გვაქვს ყველაფერი, რომ არ იმუშავა. აქედან გამომდინარე, ამიტომ არის საჭირო, რომ მექანიზმი მედიასტანდარტების დაცვისა არსებობდეს", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.