1-ლი აგვისტოდან მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება - ინფორმაცია მძღოლებისთვის

საცობი

 ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.

„თქვენ იცით, რომ კონკრეტულ რაიონებში აღნიშნული რეფორმა დაწყებული გვაქვს და დავნერგეთ ზონალურ-საათობრივი პარკირება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ავტომობილებს თავიანთი სანომრე ნიშნით არეგისტრირებენ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, მათთვის ზონალურ-საათობრივი პარკირება საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასოა.

 მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებზე და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, მოსახლეობას ავტომობილების რეგისტრაციისთვის შეეძლებათ მიმართონ ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებს.

„ცხადია, ყველა იმ ქუჩასა და ზონაში, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება, განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეებს ექნება საშუალება ჩვენი თანამშრომლებისგან მიიღონ ყველანაირი დახმარება საკუთარი ავტომობილების დასარეგისტრირებლად, რათა საპარკინგო არეალებში თქვენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოგიწიოთ რაიმე სახის გადასახადის გადახდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ქუჩები, სადაც საათობრივი პარკირება ამოქმედდება

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთაწმინდის რაიონში სულ 596 პარკირების ადგილია განსაზღვრული.

„კერძოდ, ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს: მიტროფანე ლაღიძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, არსენას, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, პავლე ინგოროყვას, შიო ჩიტაძის, ვუკოლ ბერიძის, ზურაბ ჟვანიას, ტარას შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, მთაწმინდის, დანიელ ჭონქაძის, ძმები კაკაბაძეებისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებს.

ვაზისუბანში 160 საპარკინგე ადგილი მოეწყობა ოსიპ მანდელშტამისა და 17 შინდისელი გმირის ქუჩებზე;

დიდ დიღომში 324 საპარკინგე ადგილი გამოიყოფა ფარნავაზ მეფის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (ფარნავაზ მეფის გადაკვეთის მიმდებარედ) და პეტრე იბერის ქუჩაზე;

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 160 ადგილი იქნება, ხოლო ბაგებში - ზურაბ საკანდელიძის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე 100 ადგილი გამოიყოფა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის 1 ივლისიდან შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში.

საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება შემდეგ მისამართებზე: ბესიკის ქუჩა N25 - ის მოპირდაპირედ; ტარას შევჩენკოს ქუჩა N5; ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა N9; წყნეთის გზატკეცილი N49- ის მოპირდაპირედ; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N112; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N142; ოსიპ მანდელშტამის ქუჩა N3; ფარნავაზ მეფის გამზირი N1; ფარნავაზ მეფის გამზირი N35; პეტრე იბერის ქუჩა N24“, - ნათქვამია ინფორმაციაში.