„ყველა სცენარი მასობრივი არეულობისკენ მიდის“ - ლადო ბოჟაძე ასახელებს პარტიებს, რომლებიც რევოლუციურ სცენარს გეგმავენ

აქცია

საქართველოში მორიგი რევოლუციური ფრონტი მზადდება, რომლის მიზანი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ თბილისის საკრებულოს წევრი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს. როგორც ის აღნიშნავს, ახალ რევოლუციურ გეგმაში „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები ფიგურირებენ.

„ოპოზიციის გეგმაში კვლავ რევოლუციური სცენარი გაიწერა. გვახსოვს, რომ მათი ერთი სცენარი ითვალისწინებდა საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას, თუმცა ეს გეგმა ვერ შედგა. შემდეგ ამბობდნენ, რომ ხელისუფლება არ არის პროდასავლური, ამიტომ საზოგადოების მობილიზება იყო საჭირო, რაც აბსურდია.

ახლაც იგივე სცენართან გვაქვს საქმე, ოპოზიცია ცდილობს ხალხს დააჯეროს, რომ „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის პროცესში არაფერს აკეთებს  და ამიტომ ხალხი გარეთ უნდა გამოვიდეს. ცდილობენ განწყობა ჩამოაყალიბონ საზოგადოებაში, რომ თუ ეს ხელისუფლება არ შეიცვალა რევოლუციის გზით, მაშინაც ქვეყანას არაფერი ეშველება. ყველა სცენარი მიდის იქითკენ, რომ ქვეყანაში მოხდეს მასობრივი არეულობა.

ამ გეგმაში ჩართულები არიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობის“ ის სხვა დანაყოფები, რომლებიც სხვა და სხვა დროს მას გამოჰყვნენ. დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა ვერ განხორციელდება, რადგან მოსახლეობას არეულობა არ სჭირდება“,- განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა საპროტესტო მუხტი არ ჩააქრონ და ხელისუფლების შეცვლის მიზნით, ტექნიკური მთავრობა ჩამოაყალიბონ.