ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი - თუ ასეთ საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი - ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო-ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობის თაობაზე, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თუ ასეთ საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება.

„რუსეთის დაზვერვის ინფორმაციით, ეუთო-ოდირი წინასწარ დასკვნას დადებს არჩევნების არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ ეს პროგნოზი იყოს სწორი. იმისათვის, რომ ეუთო-ოდირმა დადოს დასკვნა არაკონკურენტული არჩევნების შესახებ, ამისთვის ელემენტარული ხელჩასაჭიდი ხომ უნდა ჰქონდეს. მაგალითად, რა, რომ ვიღაცეებს არ ჰქონდათ ბილბორდების განთავსების საშუალება, ან დაუბლოკეს რეგისტრაცია, ან საერთო გარემო არ იყო კონკურენტული. რაღაც ხელმოსაჭიდი ხომ უნდა იყოს. დღეს ყველა ხედავთ, რომ რეგისტრირებულია უამრავი პარტია. ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება - სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო-ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობის თაობაზე. ან იგივე, როდესაც საუბარია თავისუფალ არჩევნებზე. რაღაც ხელმოსაჭიდი ხომ უნდა ჰქონდეს. თქვენ ხედავთ, როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესები საქართველოში, როგორია საარჩევნო გარემო. როცა არაფერია ხელმოსაჭიდი, რა უნდა დაწეროს ეუთო-ოდირმა. ამიტომ, მე რუსეთის დაზვერვის ამ განცხადებას ვერ დავეთანხმებოდი. თუ ასეთ საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება. მთავარი შემფასებელი ამ არჩევნების იქნება ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი. ეს არის ჩვენთვის მთავარი “, - განაცხადა პრემიერმა