ვისთანაც მინდა გავერთიანდები - არ მეშინია, რა ჭორს მომიგონებენ - გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი

"არც შემოთავაზება, არც განხილვა, ხუმრობითაც კი არავის არ უთქვამს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდე ან თავმჯდომარე, ან დუშეთის რაიონის სოფელ არღუნის თავმჯდომარე, არ შემოუთავაზებიათ არაფერი", - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

„მათ მიმართ კი არ არის კითხვა, რატომ მოიტყუეს, არამედ ჩემ მიმართ, „აბა რატომ მოგიგონეს ტყუილი?“. დაახლოებით, იცით რას მაგონებს, სოფელში თინეიჯერ გოგოს რომ ეჩხუბებიან, „შენ რატომ გამოგელაპარაკა ის ბიჭი, რა მიზეზი მიეცი?“. ამ რეჟიმში საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხები განიხილება. რაღაცა ბრალს დაგდებენ და მერე შენ უნდა ეძებო, შენ რატომ მიეცი მიზეზი ვიღაცას, რომ ტყუილი მოგიგონოს.

არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია ან პოლიტიკური მიზნები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში ნამდვილად არ მაქვს. როდესაც ის ადამიანები, რომლებიც მართლა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ, „ქართულ ოცნებაში“ დღეს არიან ის ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყველაზე ბინძურ საქმეს ასრულებდნენ „ნაციონალური მოძრაობისათვის“ და დღეს გადაპორტირდნენ „ოცნებაში“, ეს ადამიანები მე ბრალს მდებენ, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, მათი ბიოგრაფიაა გასასინჯი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისი დღევანდელი პოლიტიკური მიზანია, არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა" სახელისუფლებო ბერკეტებს არ ფლობდნენ.

„ჩემი დღევანდელი პოლიტიკური მიზანი არის ერთი და მეორე პოლიტიკური ძალაც არსებობდეს. არ გაქრეს არც „ქართული ოცნება“ ისე, როგორც მაგალითად, მოუვიდა „მოქალაქეთა კავშირს“. არ გაქრეს არც „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ არცერთი მათგანი არ ფლობდეს ხელისუფლების ბერკეტებს, არამედ ხელისუფლების ბერკეტები იყოს მესამე ძალის ხელში. იცის ეს ჩემმა ამომრჩეველმაც და ჩემი ამომრჩეველიც იმავენაირად უყურებს რეალობას და მიფასებს სხვათა შორის იმას, რომ არც იმის მეშინია, რა ჭორს მომიგონებენ, ვისთანაც მინდა დავილაპარაკებ, ვისთანაც მინდა საქართველოს მიზნებისთვის, გავერთიანდები.

ჩემი ამომრჩეველი მიფასებს იმას, რომ ერს ვაყენებ პარტიულ ღირებულებაზე მაღლა. მეც მათ ამას ვუფასებ და არცერთ მომენტში არ ვავლენ სიმხდალეს, რომელიც ძალიან დაინერგა საქართველოში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.