ვიქტორ ორბანმა რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები მოლაპარაკებებისთვის ბუდაპეშტში მიიწვია

ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რუსეთის, უკრაინის, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები მოლაპარაკებებისთვის ბუდაპეშტში მიიწვია.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პასუხი დადებითი იყო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას აქვს კონკრეტული პირობები“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ორბანის თქმით, უნგრეთის ხელისუფლება გამოიყენებს მთელ თავის გავლენას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად. როგორც ორბანმა აღნიშნა, ომი სულ უფრო სასტიკი ხდება.

შეკითხვაზე, ვინ დაიწყო ომი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ეს საკმაოდ ნათელია, ეს არის ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა“.

ორბანმა მოსკოვს აგრესორი უწოდა. მან ასევე ყველა ჩადენილი დანაშაულის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა სისასტიკე უნდა იქნას მტკიცედ დაგმობილი.

როგორც ვიქტორ ორბანმა განაცხადა, როდესაც ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ვლადიმერ პუტინს ესაუბრება, ისინი სხვადასხვა მხარეს არიან, ვინაიდან უნგრეთი არის ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

„ჩვენ ავაშენეთ ურთიერთობა, რომელიც ფუნქციონირებს, თუმცა რომელიც იშლება“, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ კარგია ეს თუ ცუდი, რუსეთი გვერდით იქნება.

„ისინი იქნებიან იქ, სადაც არიან და ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ვართ“, – განაცხადა ორბანმა.

სანქციების შესახებ საუბრისას, უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ეკონომიკა უფრო სუსტი ხდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, საფასური გადაიხადოს. მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა სანქციებს იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ეს აუცილებლად მის საუკეთესო ინტერესებში არ შედიოდა, თუმცა განაცხადა, რომ „ერთიანობა მნიშვნელოვანია“.