1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ჯეოქეისის” დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ამ მხრივ საქართველოს პოზიციაზე საუბრობს.
ვიქტორი ყიფიანის თქმით, პრემიერის განცხადებაში ძირითადი აქცენტი იყო ქვეყნის უსაფრთხოება. ყიფიანი იმ ქმედით ნაბიჯებზე საუბრობს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.
“სანქციების თემის განხილვა ქართულ ტელეეთერებში ხდება “ჩარბენით”. სამ პაკეტზე ვსაუბრობთ. პირველი იყო ანეკტოდური ხასიათის – ვგულისხმობ საუბარს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში ბიზნესის კეთებაზე, რაც არასერიოზული იყო განსახილველად. მას მოჰყვა მეორე – სადაც დაკორექტირდა, მაგრამ ხარვეზები მაინც იყო – რაც დღეს მოვისმინეთ, უკვე მიახლოებულია რეალურ, სასანქციო პაკეტის დანიშნულებასთან: ეს არის ეფექტიანობა და მაქსიმალური ძალისხმევის მოხმობა, რომ აგრესორმა შეცვალოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ჩვენ აქვე მხედველობაში უნდა მივიღოთ რამდენიმე გარემოება. პირველი – სასანქციო პაკეტის მოქმედებას აქვს სირთულეები, ის მოითხოვს ძალიან ფართე კოალიციას, თანმიმდევრობას და დროში ხანგრძლივობას. მეორე – ჩვენ საქმე გვაქვს შეთანხმების უუნარო სუბიექტთან. შესაბამისად, სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ ამერიკის შეერთებული შტატებს, ვერც დასავლურ სამყაროს ვერ გამოუმუშავბია და ვერც ექნება ისეთი მზა რეცეპტი, რომელიც ასეთ აგრესორთან ეფექტიანი პასუხის ენას შეიმუშავებს”, – ამბობს ყიფიანი და საუბრობს, როგორ არის შესაძლებელი, საქართველო სანქციების ნაწილს შეუერთდეს.
“თუ ჩვენ თავს დასავლური კოალიციის წევრად მივიჩნევთ, და ჩვენ მივიჩნევთ კიდეც თავს ასეთად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სასანქციო პაკეტის პოლიტიკური მონაწილე უნდა გავხდეთ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ მოვძებნოთ კუთვნილი, შესაფერისი და ადეკვატური როლი. ჩვენ ამ პროცესს წინ ვერ გავუძღვებით და ვერც ძალიან ჩამოვრჩებით”, – ამბობს ვიქტორ ყიფიანი.