ვიდრე ჩვენ გავარკვევთ, ვისია მიშა, ვის გავატანოთ, იყოს იქ, სადაც არის, რათა დავიცვათ მისი ჯანმრთელობა - ხუნდაძე

ხუნდაძე

გუშინ გავრცელებულმა ჩანაწერმა  გაურკვევლობა გამოიწვია და კითხვა გააჩინა, ვისია მიშა? აქამდე დასავლეთი ისაკუთრებდა, რომ მიშა მისია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, სააკაშვილისთვის მთავარია ის, ვინც ხელისუფლებაში დაბრუნებაში შეუწყობს ხელს.

„ჩვენ ვსაუბრობდით, რომ საქართველოში მის შემოსვლას აგენტოკრატიის ჯგუფმა შეუწყო ხელი, ძირითადად, დასავლეთიდან, მაგრამ მისი დედა ამბობს, რომ აქ არის რუსეთის ინტერესები. მიხეილ სააკაშვილი თავად ამბობს, მე არ ვარ თქვენი, არ ვარ საქართველოსი და გამიშვით აქედანო. მთავარი არის, რომ ის არ არის ჩვენი. მისთვის მთავარია, იყოს იმის, ვინც ხელისუფლებაში დაბრუნებაში შეუწყობს ხელს. ვიდრე ჩვენ გავარკვევთ, ვისია მიშა, ვის გავატანოთ, იყოს იქ, სადაც არის, რათა დავიცვათ მისი ჯანმრთელობა. მთავარია, ვიყოთ ფრთხილად, ფხიზლად და გავითვალისწინოთ მისი ნათქვამი, რომ ის არ არის საქართველოსი და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. გარდა ამისა, ალასანია ჩანაწერში ამბობს, რომ „რუსებსაც არ უნდათ ივანიშვილი“.

„ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.

ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.