ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როდესაც, მაგალითად, გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ ხოლმე - მამუკა მდინარაძე

mamuka mdinaradze

ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია, ამ პოზიციით გამოდიან ჩვენი ოპონენტები და გადაუვლიან ისინი თავისი რაღაც ფსევდო ლიბერალური ფაშიზმის ხერხებით ყველას, ვინც მათ აზრებს არ იწონებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როდესაც, მაგალითად, გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ ხოლმე.

„გიორგი გველესიანი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი, ამ ადამიანებს დავანებოთ თავი, ნებისმიერს, როდესაც თავისი პოლიტიკური სუბიექტური თუ ამ შემთხვევაში, კონკრეტული ბინძური ზრახვები აქვს ვიღაცას, იმიტომ, რომ ამ ხალხზე ხომ ვიხვეწებოდით და ვლაპარაკობდით, ახლა კიდევ უფრო თამამად შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ვიღაცას ასეთი წარმოდგენა აქვს, ვიღაცას ისეთი პოლიტიკური აზრი აქვს და გამოთქვამენ ამ აზრს და შეიძლება იმ გმირს ბიჭებს, რომლებსაც თურმე თავის აზრიც აქვთ, დიახ და ვიღაცის აზრს ხან ემთხვევა და ხან არ ემთხვევა, ამის გამო ბულინგის ქარცეცხლში მოვაქციოთ ეს ხალხი? ხომ არ შეიძლება? ხომ წარმოუდგენელია. ამასაც კადრულობენ, იმიტომ, რომ ფსევდო ლიბერალური ფაშიზმი სწორედ ამას მოიცავს, მათ შორის, ვინც არ დაეთანხმება მათ, ყველა უნდა აბულინგონ, მაგრამ ასე არ არის. არ გამოუვათ არც მკვლელობები, რომელიც დაიგეგმა სადღაც, არ გამოუვათ, არც სხვა ქვეყნებში გამოუვიდათ, საბედნიეროდ და ღმერთის წყალობით, მათ შორის, სხვას ვერაფერს დააბრალებ, მაგალითად, ტრამპის გადარჩენას, ყველამ ვნახეთ, არ ხდება ბოლომდე ის, რაც მათ აქვთ დიდ სურათში დანახული და დაგეგმილი. საქართველოში გაიშიფრა. ეს ხომ შემთხვევითი არ არის, ეს გაგრძელებაა იმ ფსევდო ლიბერალური ფაშიზმის, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, მინიშნება ირაკლი კობახიძეზე მკვლელობასთან დაკავშირებით, ახლა იგეგმებოდა თურმე ბიძინა ივანიშვილის აფეთქება და ტერორისტული აქტი ჩვენი საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ. ეს დამთხვევაა? საღლიცინო საკითხია? როგორც ისინი ცდილობენ, მაგალითად, სოციალურ ქსელში გადაიტანონ ეს თემა? ამისი გაგრძელებაა მერე ვერბალური მკვლელობები და ვერბალური მკვლელობის მცდელობაა, როცა მაგალითად, გიორგი გველესიანზე ასეთი შეტევა მიაქვთ ხოლმე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.