ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული თუ რა ხდება აქ, საქართველოში - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში

საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ამ ქვეყნის წარმატებაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გუშინ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული და ინტერესით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

„როგორც აშშ-ის წარმომადგენელს აქ, ყოველთვის მსურს, ვუპასუხო შეკითხვებს, რომლებიც ეხება საქართველოში აშშ-ის მუშაობას. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობას და თქვენს მისწრაფებებს, გახდეთ სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. როგორც მოისმინეთ ნედ პრაისისგან, ვაშინგტონი ძალიან კარგად არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება აქ, საქართველოში, დიდი ინტერესით აკვირდება ამბებს და აქ განვითარებულ მოვლენებს, რადგან საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ ამ ქვეყნის წარმატებაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ვუჭერდით მხარს საქართველოს ასე მჭიდროდ და ფართოდ ბოლო 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ახლახან იმყოფებოდა სვანეთისა და სამეგრელოში, სადაც აშშ-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს გაეცნო.

„შესანიშნავი იყო იმ ადამინებისა და პროექტების ნახვა, რომლებსაც აშშ დაეხმარა წლების განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების სფეროებში. ეს იყო კარგი შეხსენება, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან სურს ევროპისკენ ამ გზის გაგრძელება და აშშ ძალიან ამაყია, რომ შეუძლია ამის მხარდაჭერა. ჩვენ ამას 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის,  შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგი საქართველოზე საუბრით დაიწყო და მმართველი გუნდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს ევროკავშირთან მიერთებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ, თუმცა ბოლო დროს, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრის რიტორიკა, როგორ ჩანს, გამიზნულია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ მიზანს გადაუხვიონ. ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და ჩვენი საელჩო თბილისში, მოწოდებულები არიან ქართველ ხალხთან სამუშაოდ, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის მხარდასაჭერად. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე, არ შეესაბამება პარტნიორებს შორის კომუნიკაციას და გავაგრძელებთ ჩვენი საერთო მიზნების მხარდასაჭერად ფოკუსირებას“, - განაცხადა ნედ პრაისმა ბრიფინგზე.