ზოდიაქოს ამ ნიშნების ცხოვრებაში, წლის ბოლომდე ნამდვილი სასწაული მოხდება
1750790683
უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი აცხადებდა მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიეღო პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ამასთანავე, განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა პარლამენტში, სადაც ის დეპუტატებს 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს აცნობს.
ოხანაშვილის თქმით, გარკვეული ჯგუფი სხვადასხვა საბაბით საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას.
„საანგარიშო პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი სხვადასხვა საბაბით – მათ შორის იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება, საპარლამენტო არჩევნების „გაყალბება“ – საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. დანაშაულებრივ გეგმებში სხვადასხვა პერიოდში აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის ფარგლების გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომელიც აცხადებდა მზადყოფნას, ჩამოსულიყო საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღო პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც ვითარების უკიდურესი დაძაბვა უნდა მოჰყოლოდა. ამასთანავე, განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ე.წ. მაიდანიზაცია წარმოადგენდა.
„იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირება, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობა. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიერ ასევე იგეგმებოდა 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა. ამ მიზნით, განიხილებოდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი და მასზე პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ხელისუფლებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სამსახურის მიერ გატარებული შესაბამისი ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, მათ შორის არსებულ საფრთხეებზე საზოგადოების დროული ინფორმირების გზით, მოხერხდა დესტრუქციული პროცესების თავიდან აცილება და სტაბილური გარემოს შენარჩუნება.