თუ ვინმეს არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია - პრემიერი

ღარიბაშვილი

თუ ვინმეს არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  სტატუსის მიღების შემდეგ მათ პრაქტიკულად ხელიდან ეცლებათ ყოველგვარი ბრალდება ხელისუფლების მისამართით.

„ჩვენ რომ გადაგვედგა გაუაზრებელი, ემოციური ნაბიჯები, პოპულისტური რაღაცები დაგვეწყო, დღეს არაფერი არ იქნებოდა ქვეყანაში. არც ლარი იქნებოდა 2,5-ზე ჩამოსული თითქმის. მაგალითად, ინფლაცია 8%-ზე ჩამოვიდა. უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა. ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა. გავზარდეთ პენსიები, ხელფასები საჯარო და კერძო სექტორებში, ყველგან.

ანუ ყველა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა. ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ პროექტებს. ანაკლიის მშენებლობა უნდა დავიწყოთ წელსვე, სექტემბერში. ვიწყებთ ახალი აეროპორტის მშენებლობას. 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია არის დაგეგმილი. ყველა მიმართულებით არის პროგრესი. რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ასეთი გამოწვევების ფონზე გვაქვს ამხელა პროგრესი, ჩვენ ბევრს ნერვებს ვუშლით და ბევრს ჰქონდა ილუზია და იმედი, რომ საქართველოს როლი უნდა ყოფილიყო ომში ჩართვა. ამ როლზე ჩვენ დიდი ხანია, უარი ვთქვით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილის პატრიოტული ხელისუფლება. ასე, რომ ეს ბუნებრივია.

აქვე მინდა, ერთი რამ განვმარტო - ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ. ყველა ქვეყანას და ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ჩვენ გვაქვს უფლება, გვქონდეს საკუთარი ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საკუთარი ინტერესები. ამაზეა საუბარი. ამიტომ, ჩვენ ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მთავარიო ჩვენი ოცნება - ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ღირსეულად ევროკავშირში გაწევრიანება. ეს პროცესი არ არის მარტივი და ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება. ეს მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ მაქსიმუმი შევძელით ბოლო ათ წელიწადში. ეს იყო წარმოუდგენელი. ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, პერსპექტივა, სტატუსი, ამის იქით რჩება უკვე გაწევრიანება. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მივიღებდით ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის ქვეყნებში, დედაქალაქებში, რომ საქართველო იმსახურებს ამ შეფასებას. ბევრმა ახსენა გეოგრაფია, ძალიან ბევრი სკეპტიკური განცხადებები მოვისმინეთ, მაგრამ ჩვენ ეს მივიღეთ. ამიტომ, ამას სჭირდება შენარჩუნება და დაცვა. თუ ვინმეს არ უნდა დღეს კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია. რატომ?

სტატუსის მიღების შემდეგ მათ პრაქტიკულად ხელიდან ეცლებათ ყოველგვარი ბრალდება და ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ. რა უნდა თქვან, ხომ? მაქსიმუმი გავაკეთეთ ჩვენ ამ პერიოდში. ამიტომ, ყველანაირად შეეცდებიან, რომ საბოტაჟი იყოს, მეტი არეულობა იყოს, რომ დაანგრიონ ეკონომიკა, რომ დაანგრიონ ტურიზმი, რომ არ იყოს ათ პროცენტიანი ზრდა, არამედ იყოს მინუს ათ პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხალხზე აისახება. ამიტომ, ჩვენს ხალხს მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ თითოეულ მათ ქმედებას კარგი ანალიზი გავუკეთოთ“, - განაცხადა პრემიერმა.