თუ უნდათ, რომ ევროპარლამენტარებმა აირჩიონ ისინი საქართველოს პარლამენტში, ასე საქართველოს კონსტიტუცია არ მუშაობს. ისევ ქართველ ხალხთან მოუწევთ მისვლა და საუბარი - პაპუაშვილი ოპოზიციაზე

 შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა განმარტა რა საკითხები განიხილა ეუთო/ოდირის დირექტორ მატეო მეკაჩისთან შეხვედრაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი განსახილველი თემა გამჭვირვალობის კანონი იყო და მხარეებმა ასევე საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების საკითხზეც იმსჯელებს.

„ჩვენი მთავარი თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, ვინაიდან ეუთო/ოდირი ჩვენთვის არის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე რაც შეიძლება ბევრი უცხოელი დამკვირვებელი იყოს, იმისთვის რომ ოპოზიციას და მის მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებს არ მიეცეს საშუალება, რომ გაიმეორონ ის მანიპულაციები, რასაც ადგილი ჰქონდა წინა არჩევნების დროს.

„ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო ის, რომ ელექტრონული მთვლელებისა და რეგისტრატორების , ელექტრონული აიდი ბარათების შემოღების მეშვეობით, ხედავთ რომ ვერც ოპოზიცია და ვერც მათი მოკავშირე „ენჯეოები“ ვერცერთ კრიტიკულ სიტყვას ვეღარ ამბობენ არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ საკანონმდებლო უზრუნველყოფით და მისი პრაქტიკული განხორციელებით ყველანაირი საბაბი წავართვით ოპოზიციას და მათ მოკავშირე „ენჯეოებს“, რომ რაიმე სპეკულაციებს ჰქონდეს ადგილი.

ამიტომ, ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია, წინ საარჩევნო კამპანიაა. მოვუწოდებ ყველას, რომ ხალხი კონცენტრირდეს ხალხის ინტერესებზე. დღემდე რასაც ვხედავთ, ოპოზიცია იყურება საზღვარგარეთ, უყურებს ვინ რა განცხადებას გააკეთებს და იმაზე აწყობს თავის დღის წესრიგს. არ ვიცი, თუ უნდათ, რომ ევროპარლამენტარებმა აირჩიონ ისინი საქართველოს პარლამენტში, ასე საქართველოს კონსტიტუცია არ მუშაობს. ისევ ქართველ ხალხთან მოუწევთ მისვლა და საუბარი. ამიტომ, მივიდნენ ქართველ ამომრჩევლებთან, მოისმინონ მათი სათქმელი და ნახავენ, რომ ქართველ ხალხს ზუსტად უნდა გამჭვირვალობა და ის საკითხები, რომლებზეც ხელისუფლება საუბრობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.