„ცდილობენ გამოიყენონ PR სვლად არჩევნების პერიოდში“ - ჰერმან საბო ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით

ჰერმან საბო

დეპუტატები პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.

ცვლილებების ინიცირების მიზნად "ქართული ოცნება" ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და მოზარდთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ასახელებს.

ოპოზიცია კი კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს და განხილვებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზე ახლად დაკომპლექტებულ პარლამენტს მოუწევს.

პარტია "გირჩის" წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, სინამდვილეში "ქართული ოცნება" არ არის მზად ამ კანონპროექტზე შინაარსობრივად სასაუბროდ და რეალურად, ისინი კანონპროექტს წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებენ.

"ვაპირებთ დავესწროთ ამ კანონპროექტის განხილვას სესიაზე. დავსვამთ იმ კითხვებს, რაც ამ კანონპროექტის კრიტიკა გვგონია. ვეცდებით, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში, "ქართული ოცნება" სულაც არ არის მზად, ამ კანონზე შინაარსობრივად სასაუბროდ, არამედ ცდილობენ გამოიყენონ PR სვლად არჩევნების პერიოდში", - განაცხადა ჰერმან საბომ.