თორნიკე ჭეიშვილი: დღესაც რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიმეორებდნენ მთელ იმ ბოროტებას ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, რის გამოც 2012 წელს ეს პოლიტიკური სენი მოშორდა პოლიტიკიდან საზოგადოების, "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის მიერ

თორნიკე ჭეიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა განახლდება. სხდომა დღესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის. მოსამართლეების შეკითხვებს მოპასუხე მხარე უპასუხებს. მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და ამის მიზეზად მათ მიერ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს, რევოლუციური სცენარების ორგანიზებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ასახელებს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, თორნიკე ჭეიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა ქცევა თვითლუსტრაციის პროცესია.

ჭეიშვილის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ სინანული გამოთქვან, რჩება განცდა, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ისინი ზუსტად იმავე ბოროტებას გაიმეორებდნენ საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რის გამოც ეს პოლიტიკური ძალა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისა და საზოგადოების ძალისხმევით ჩამოშორდა ხელისუფლებას.

"ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა შორის ამ ეტაპმა მოახდინა ერთგვარად თვითლუსტრაციის რეჟიმის გააქტიურება, როდესაც ისინი ერთი მხრივ აბსოლუტურად უსუსური, უსუსტესი არგუმენტებით ცდილობენ, რომ როგორღაც პასუხი გასცენ მოსამართლეთა მხრიდან დასმულ კითხვებს, ხოლო მეორე მხრივ მტკნარ სიცრუეს ავრცელებენ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე და რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად ვერ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას იმ ნამოქმედართან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ არის მიმართული 2003-2012 წლების სადისტურ დანაშაულებრივ რეჟიმთან.

აქ ისინი არათუ სინანულს ავლენენ, არამედ რჩება განცდა, რომ პირიქით, დღესაც რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიმეორებდნენ მთელ იმ ბოროტებას ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რის გამოც 2012 წელს ეს პოლიტიკური სენი იქნა მოშორებული პოლიტიკიდან საზოგადოების "ქართული ოცნების", ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

✕