თითოეული ადამიანი, რომელიც დავკარგეთ, ჩვენთვის არის ძალიან ღირებული და ძალიან სამწუხაროა - თალაკვაძე

თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას გამოეხმაურა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია.

„მინდა სამძიმარი გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი, რომელიც დავკარგეთ, ჩვენთვის არის ძალიან ღირებული და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ, თუმცა ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს უკვე გავლილი აქვს ის მძიმე ომი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენი ტერიტორიები უკანონო ოკუპაცია გრძელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველომ და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რას ნიშნავს სამხედრო აგრესია, რას ნიშნავს ომი და რას ნიშნავს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ეს ომი დასრულდეს დროულად, რათა უკრაინის მშვიდობიანი ხვალინდელი დღე იყოს გარანტირებული. ასევე, მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და პირველად, ასეთ მაღალ დონეზე აღიარებული იქნა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ ფორმატში მხარი დავუჭირეთ უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა მობილიზება გაუკეთეს ჰუმანიტარულ დახმარებას. ათი ათასობით ადამიანი დევნილობაში იმყოფება უკრაინიდან საქართველოში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ მიმართ პატივისცემა და სოლიდარობა გამოვხატოთ. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობას და განვაგრძობთ იმ პროგრამებს და ინიციატივებს, რომლებიც უკრაინელების დასახმარებლად საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არის შესაძლებელი. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ“, - განაცხადა თალაკვაძემ.