ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ აქტიურობენ, წავიდნენ და იომონ წინა პლანზე, კიევში კი არა, სელფებს რომ იღებდნენ - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი

მთავარი ჩვენი ვალდებულებაა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რაც არის ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელი. სამჯერ ვიომეთ, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის განვითარება გონივრული გზით, ეს არის ეროვნული პოლიტიკა და არა ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში რომ მშვიდობა და სტაბილურობაა, ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.

„ეს ყველაფერი ხალხმა ძალიან კარგად იცის, ხალხი ბრძენია და ყველა კარგად ხედავს, მაგრამ ვინაიდან ყველა ასეთ მცდელობაზე, ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამიტომ ყოველთვის შევახსენებ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა. და მათ არაფერი ესაქმებათ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, ან მის დაცვასთან საერთოდ.

ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი განცხადებებით გამოდიოდნენ ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდესო, საქართველოში, თბილისში, გამოდიოდნენ და ასეთი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი. რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან საერთოდ? თქვენ ახლა ვინმეს გგონიათ რომ ამ ადამიანებს უხარიათ დღეს ჩვენთან მშვიდობა რომ არის და ეს სტაბილურობა და ეს კეთილდღეობა? გასაგებია, ჩვენ ყველას ძალიან არ მოგვწონს და ვართ უკიდურესად შეშფოთებულები რაც ხდება უკრაინაში მაგის გამო, მაგრამ შეხედეთ, ნატო-ს წევრი ქვეყნები, სახელმწიფოები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები როგორ იქცევიან.

ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას სჭირდება ძალიან დიდი გააზრება და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, ამიტომ ჩვენს მაგივრად ისინი ნუ გაირჯებიან. მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველ დღე დილით და საღამოს ჩვენს ხალხს, საზოგადოებას, იმისთვის, რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროვონ ქვეყნის მართვა,“- აღნიშნა პრემიერმა.