თენგიზ შარმანაშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ სჭირდებათ, რომ გარდაცვლილი ოპოზიცია რეანიმაციაში დააწვინონ და აღადგინონ, ეს არ გამოვა, მკვდრის აღდგენა რეანიმაციული საშუალებებით ვერ ხდება

თენგიზ შარმანაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, „მოსკოვის მექანიზმის“ მომზადების მიზეზი საქართველოში ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა და მათი გააქტიურებისთვის არის მაშველი რგოლი.

როგორც თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ეუთო-ს წევრი 24 სახელმწიფოს მიმართვაზე საუბრისას აღნიშნა, ეს ქვეყნები მბრძანებლური ტონით საუბრობენ მხოლოდ იმაზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და კიდევ ვერ მიხვდნენ, რომ ასეთ საუბარს საქართველოს ხელისუფლება არ დაექვემდებარება.

„საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი როცა იყო ჩამოსული, მასთან საუბარი შეიძლებოდა. რატომ, იცით? – მისი ნაბიჯები რეალობიდან გამომდინარეობდა. მან ჩვენი მხარის მიმართ თქვა, რომ სახელმწიფომ რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, ხოლო ოპოზიციას უთხრა, რომ ძალადობა მიუღებელია და ბოიკოტი საუკეთესო გზა არ არის შიდა სტაბილიზაციისთვის. რა თქმა უნდა, შენიშვნებიც ჰქონდა. ანუ, დიალოგში შემოვიდა და მტკიცებულებები გაცვალა. ეს ქვეყნები საერთოდ არ გელაპარაკებიან, ჩვენს მოსაზრებებს არ ითვალისწინებენ და კანონმდებლობას ვინც არღვევდა, ძალადობდა, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობდა, მათკენ ხელს არ იშვერენ. ეს ქვეყნები მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, თან მბრძანებლური ტონით. კიდევ თუ ვერ მიხვდნენ, რომ ასეთ საუბარს არ დავექვემდებარებით, ასე გააგრძელონ.

„მოსკოვის მექანიზმი“ მაშველი რგოლია რადიკალური ოპოზიციისთვის. დარწმუნებული ვარ, არავითარ სასამართლოში არ წავლენ, მაგრამ ეს ყველაფერი იცით, რისთვის სჭირდებათ? – ხანგრძლივად უნდათ, რომ თავის მართლების რეჟიმში ჩაგვაყენონ, „ბიბისისა“ და „კამიტის“ არ იყოს, რომ ჩვენ ეს ნივთიერება არ გვქონია. იტყვიან, გქონიათო და შემდეგ ასეთი სახის რეზოლუციებში ასახავენ. ეს ყველაფერი სჭირდებათ, რომ ეს გარდაცვლილი ოპოზიცია რეანიმაციის კაბინეტში დააწვინონ და აღადგინონ. ეს არ გამოვა, რადგან მკვდრის აღდგენა რეანიმაციული საშუალებებით არ და ვერ ხდება. ამ ანგარიშით ცოტა ხანი იხმაურებენ, მაგრამ არაფერში დაეხმარებათ, რადგან არ შეიძლება, ტყუილი ვინმეს ხანგრძლივად ეხმარებოდეს. ნებისმიერ დონეზე, სასამართლო იქნება თუ დისკუსიები, ყველგან ჩვენი არგუმენტი გვექნება, რომელიც სიმართლეზეა დაფუძნებული“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.