კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი
1763844165
კრიმინალისკენ მიდრეკილი 14 წლამდე ბავშვის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელია. რეაბილიტაციის, რესოციალიზაციის მიზნით გადმოვიღეთ გერმანული მოდელი, თუმცა ჩვენი სპეციფიკა გავითვალისწინეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სწორი არ იქნება, რომ სახელმწიფომ ეს ბავშვები უყურადღებოდ მიატოვოს.
„გერმანული მოდელის შემოღება აუცილებელი იყო. საქართველოს არც დიდი გამოცდილება და არც იმის მექანიზმი ჰქონდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, როდესაც 14 წლამდე ასაკის ბავშვი კრიმინალისკენ მიდრეკილია. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ ასაკამდე არც იგეგმება, ეს შეუძლებელია. უნდა მოგვეძებნა ფორმები, რომლითაც შევძლებდით ამ ბავშვების რესოციალიზაციას, რეაბილიტაციას. საკითხები შევისწავლეთ. ამ მიმართულებით ყველაზე სერიოზული ნაბიჯები ევროპაში გერმანიას ჰქონდა გადადგმული, ყველაზე დიდი გამოცდილება მათ ჰქონდათ. ერთი ერთში არ გადმოგვიღია, ჩვენი სპეციფიკა გავითვალისწინეთ, მაგრამ მიმართულება იგივე ავიღეთ. სახლები, რომლებზეც საუბარია, მიმართული იქნება რეაბილიტაციისკენ, მათი განათლების უზრუნველყოფის, რესოციალიზაციისკენ და არავითარ შემთხვევაში არ დაემსგავსება პენიტენციურ დაწესებულებებს, გამორიცხულია. მაშინ ეს აზრს დაკარგავდა. უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმუმ ექვსი თვე იყოს ბავშვი განთავსებული ასეთ სახლში. პენიტენციურ დაწესებულებას თუ დავამსგავსებთ, გამოვა გარეთ და იმავეს გააგრძელებს. ამ ბავშვებს ვერ მივატოვებდით. რეალურად, იმის ალტერნატივა, რასაც ოპონენტები ამბობენ, არის, რომ საერთოდ დავანებოთ ამას თავი, არ გავითვალისწინოთ, ყურადღება არ მივაქციოთ. არ მგონია, სწორი იყოს, რომ სახელმწიფომ ეს ბავშვები უყურადღებოდ მიატოვოს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი გეგმავს კანონის მიღებას, რომლითაც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნით სპეციალური ცენტრი შეიქმნება.