თენგიზ შარმანაშვილი: გულდასაწყვეტია, რომ აბსურდულ თემატიკას ერთ დროს მსოფლიო მედიის დემოკრატიის კანონმდებელი BBC-ი აჰყვა და გახდა ორღობის დონის ინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია

თენგიზ შარმანაშვილი

გულდასაწყვეტია, რომ ამ აბსურდულ თემატიკას ერთ დროს მსოფლიო მედიის დემოკრატიის კანონმდებელი BBC-ი აჰყვა და გახდა ორღობის დონის ინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატის თქმით, 2024 წლის აქციების დაშლა შეადარეს 9 აპრილის ცნობილ აქციას, სადაც მსხვერპლიც იყო და ასობით ადამიანი მოიწამლა იმ სამხედრო დანიშნულების ქიმიური იარაღით, რომელიც მაშინ საბჭოთა არმიამ გამოიყენა.

„[2024 წლის აქციების დაშლა ცრემლსადენი გაზით] შეადარეს 9 აპრილის ცნობილ აქციას, სადაც მსხვერპლიც იყო და ასობით ადამიანი მოიწამლა იმ სამხედრო დანიშნულების ქიმიური იარაღით, რომელიც მაშინ საბჭოთა არმიამ გამოიყენა. მყისიერად გადაიყვანეს ასობით ადამიანი საავადმყოფოებში მაშინ და ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. მე თვითონ მონაწილე ვარ ამ აქციის და ვიცი როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. ახლა ასეთი რამ არ მომხდარა, რადგან ასეთი ტიპის მომწამვლელი ნივთიერება არ გამოყენებულა, თორემ იმავე დღეს გადაიყვანდნენ სასწრაფოთი კლინიკებში უამრავ ადამიანს.

ახლა ვუყურებთ იმ სამარცხვინო, ერთი წლის შემდეგ აღმოჩენილ ვითომ ავადმყოფებს, რომლებიც თავისი შინაური ფრინველების და ცხოველების დეგრადაციაზე საუბრობენ ერთი წლის შემდეგ. ყველაზე გულდასაწყვეტია, რომ ამ აბსურდულ თემატიკას ერთ დროს მსოფლიო მედიის დემოკრატიის კანონმდებელი BBC-ი აჰყვა და გახდა ორღობის დონის ინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით სუსში დაიბარეს.