თეა წულუკიანი გიორგი გახარიას: თქვენ თუ აქ ხართ არაღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ

თეა წულუკიანი

„თქვენ თუ აქ ხართ არაღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ“ - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სხდომაზე მოწვეულმა გიორგი გახარიამ კომისიაზე მისვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის რომ კომისიას აღიარებდეს, მათი წარმომადგენლები კომისიის წევრებს შორის იქნებოდნენ.

„თქვენ რაღაცნაირად გადაწყვიტეთ, რომ თან მოხვედით პარლამენტში, რომელზეც იძახით, რომ არ აღიარებთ. მოდით, თქვენ თქვენ აზრზე დარჩით, ჩვენ ჩვენ აზრზე დავრჩებით და საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს.  თქვენ თუ აქ ხართ არაღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ. ყოველ შემთხვევაში, თქვენ გამოცხადდით კომისიის წინაშე. მე, თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, რომ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და ეს არის ერთ-ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, რომ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, რომლებსაც დღემდე არ გაქვთ შეწყვეტილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და სტატუსი, ვინაიდან საამისოდ ნება ჯერ არ გამოგიხატავთ, მოდიხართ და ჩვენთან ახსნა განმარტებებს იძლევით, ეს არის მხოლოდ დადებითი“-განაცხადა თეა წულუკიანმა.