1759260719
"52 წლამდე მაქვს ვადა, ბაბუაჩემმა მაგ ასაკში შეირთო ცოლი და 5 ვაჟი შეეძინა..." - მსახიობ კახა კუპატაძის სახალისო ისტორიები

რუსთაველის თეატრის მსახიობი კახა კუპატაძე მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ეს ოცნება წარმატებულად აუხდა. მან არაერთი გამორჩეული თეატრალური და კინოროლი შექმნა. საკუთარი კარიერის და სხვა საინტერესო თემების შესახებ კახა „პრაიმ ტაიმს“ ესაუბრა.
- მე წყალტუბოში დავიბადე და გავიზარდე. ერთხელ ბიძაჩემს გაუფუჭდა მანქანა, მაშინ დაახლოებით 7-8 წლის ვიყავი და ეს მანქანა დაგვიტოვა ეზოში. ძალიან შემიყვარდა ავტომობილი, შინდისფერი სალონი ქონდა და მამაჩემს ვუთხარი მინდა ამ მანქანის ტარება ვისწავლო-მეთქი და დავიწყე სწავლა. ძრავი არ მუშაობდა მანქანის, მაგრამ მაგნიტოფონი ირთვებოდა, ჩავრთავდი მუსიკას და მამა მასწავლიდა „ტარებას“. ვახმოვანებდი მანქანის ძრავის ხმებს და სიჩქარეებში ჩაგდებაც თეორიულად მასწავლა. როცა გაწვიმდებოდა წარმოვიდგენდი რომ შეყვარებული მყავდა, მანქანაში ვჯდებოდი და თითქოს ვატარებდი. ძალიან მომეწონა ჩემი თავი ამ როლში და ვფიქრობ სწორედ მაშინ გადავწყვიტე მსახიობობა. გაფუჭებულ მანქანაზე ვისწავლე ტარება.
- რუსთაველის თეატრში როგორ მოხვდით რობერტ სტურუას დასში?
- მეოთხე კლასში ვიყავი და ოტია იოსელიანის ნაწარმოებიდან შევიტყვე რობერტ სტურუას შესახებ პირველად. პატარ-პატარა ნაწყვეტები უნდა გვეჩვენებინა ოტია იოსელიანისთვის მისი ნაწარმოებებიდან, მოვიდა ბატონო ოტია და რომ ვაჩვენეთ თავისი ნაწყვეტები, თქვა თქვენთან არაფერი არა მაქვს პრეტენზია, მაგრამ დადგმას რაც შეეხება მსოფლიო დონის რეჟისორმა რობიკო სტურუამ უნდა შეაფასოს ეს ნაწილი, რადგან მაგან გადაატრიალა თეატრალური სამყაროო. სახლში როგორც კი დავბრუნდი, დედას ვკითხე ვინ არის რობერტ სტურუა-მეთქი და მაშინ მომიყვა პირველად დედამ ამ გენიოსი ადამიანის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მეოთხე კურსზე მოვხვდი გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლში „წათეს წითელი წაღები“, სადაც რომაელ რაინდებს ვთამაშობდით. ჩემი მეგობრის რეკომენდაციით მოვხვდი რუსთაველის თეატრში, ბატონმა გიგამ დაგვამტკიცა როლზე. პრემიერის შემდეგ ახალი წლის პერიოდი ახლოვდებოდა და ბატონი რობერტი იწყებდა სპექტაკლს „სალამურას“ და ასე მოვხვდი მასთან.
- პირველი სიყვარული თეატრალურ ინსტიტუტში მოვიდა?
- პირველი სიყვარული სტუდენტობის დროს არ ყოფილა. არადა მქონდა სურვილი მყოლოდა შეყვარებული მსახიობი გოგონა, მაგრამ იმის მიუხედავად რომ ლამაზი გოგოები სწავლობდნენ ასე არ მოხდა. პირველი სიყვარული იყო ბაღში, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს ის გოგო.
- ვიცი, რომ ნათესავები და ახლობლები ბევრს დარდობენ თქვენს დაოჯახებაზე?
- ხშირად მეკითხებიან დაოჯახებაზე, როცა ვხვდები რომ დაოჯახებაზე უნდა მკითხონ, ვამბობ 52 წლამდე მაქვს ვადა, რადგან ბაბუაჩემმა 52 წლის ასაკში შეირთო ევგენია ლაბაძე რომელთანაც 5 ვაჟი შეეძინა-მეთქი და მეუბნებიან გაჩერდი ახლა მაშინ სხვა დრო იყოო., მამიდაჩემი მეუბნება შენ მამიდა რამე ხო არ გჭირს ცოლი რო არ მოგყავსო. 39 წლის ასაკში ცოლი რომ არ მყავს ვერ ვხვდები რატომ არის დაგვიანებული.
- არასდროს გიფიქრიათ დაოჯახებაზე?
- მქონდა რაღაც ურთიერთობები, მაგრამ ქორწილამდე არ მივიდა არცერთი. რა იყო ამის მიზეზი არ ვიცი. ერთხელ დავასრულე ურთიერთობა ჩემი გადაწყვეტილებით და ახლა როცა ვფიქრობ ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. ოჯახი რომ შემექნა მერე უფრო რთული იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება. ცხოვრება არის იმერელი ქალივით - ბებიაჩემივით. განცდებში ხარ, ხან მოწყენილი ხარ, ხან დასვენება გინდა, ხან ის და ხან ეს. ბებიაჩემს ას წელს მიღწეული ნათესავი გარდაეცვალა და იმის პანაშვიდზე მყავდა წაყვანილი, მეც იქვე ვიყავი და ტირის ბებიაჩემი, ვიცი, ვიცი ას წელს მიღწეული ხარ მაგრამ მენანებოდი მაინცო და ამ დროს ახალგაზრდა გოგო მოვიდა პანაშვიდზე. მესმის ბებიაჩემის ხმა - დედა, დედა, კახა ბებია გაახილე თვალები რა კაი გოგოაო. ვისი იყო ეს გოგო ხო არ იცითო იქვე იკითხა და უთხრეს ბუღალტერის გოგოაო და მეძახის ბებიაჩემი კახა ბებია ჩაეხუტე არ გაუშვა ეს გოგოო.
ვრცლად, ნახეთ, ვიდეო: