1759260719
აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ინფორმაციით, ე.წ. შათდაუნის გამო 750 000 ფედერალურ თანამშრომელს შვებულებაში გასვლა ან უხელფასოდ მუშაობა მოუწევს

750 000 ფედერალურ თანამშრომელს შვებულებაში გასვლა ან უხელფასოდ მუშაობა მოუწევს. ამის შესახებ ნათქვამია კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, უცხოური მედია წერს, რომ აშშ-ის მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერება ასობით ათას ადამიანზე მოახდენს გავლენას.
„ბიბისის“ ცნობით, ისეთი სამსახურები, როგორიცაა სამხედრო დაწესებულებები, საიმიგრაციო სამსახური და საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერები, გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა სხვა სერვისები შესაძლოა, შეჩერდეს ან შეფერხებით მოუწიოთ მუშაობა.
რაც შეეხება სოციალური ჯანდაცვის პროგრამების მუშაობას, „ბიბისი“ წერს, რომ პროგრამების მუშაობა გაგრძელდება, თუმცა, პერსონალის ნაკლებობის გამო, შესაძლოა, მომსახურების გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს.
„ბიბისის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტები, მათ შორის საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერები მუშაობას აგრძელებენ, იქ დასაქმებულ ადამიანებს ხელფასებს არ გადაუხდიან, რის გამოც, შესაძლოა, პერსონალის პრობლემა შეიქმნას. ეს ნიშნავს, რომ ფრენების გადადება და გაუქმება გახშირდება.
გასულ წლებში მთავრობის მიერ მუშაობის შეჩერებამ ასევე გავლენა იქონია ქვეყნის ეროვნულ პარკებზეც, თუმცა, როგორც ცნობილია, ამ შემთხვევაში ეროვნული პარკები ნაწილობრივ იქნება ღია. „ბიბისი“ წერს, რომ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენით იზარალებს აშშ-ის ბიუჯეტი მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერების შედეგად, თუმცა 2018 წელს, ყველაზე ხანგრძლივი, 35-დღიანი „შათდაუნი“ ამერიკას სამი მილიარდი დოლარი დაუჯდა.