თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) ხელმძღვანელთან კაორი იშიკავასთან შეხვედრა გამართა

თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN-WOMEN) ხელმძღვანელთან კაორი იშიკავასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით და ორგანიზაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდისა და გაძლიერების, ისევე როგორც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების შემდგომი თანადგომის შესაძლებლობებზე.

საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და ამ და სხვა საკითხებზე სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.