თბილისს დღეს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

სომხეთის პრეზიდენტი

თბილისს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა დელეგაციების თანხლებით პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში. გარდა ამისა, პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდება.

ამასთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს.