ტატა ხვედელიანი: წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს დაჰპირდა, რომ უნივერსიტეტის აღმშენებლობა მოხდებოდა, თუმცა აუქმებენ, ეს არის, როგორ ექცევიან ამომრჩეველს

ტატა ხვედელიანი

წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს დაჰპირდა, რომ უნივერსიტეტის განვითარება, აღმშენებლობა მოხდებოდა, თუმცა ასწლოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტს აუქმებენ, რომელმაც ქვეყანას გაუზარდა უამრავი ინჟინერი, ტექნიკოსი და დარგის სპეციალისტები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს არის ის, როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ ამომრჩეველს“.

„ეს ყველაფერი სტუდენტებმა, რექტორმა და პროფესორებმა ტელეეთერიდან გაიგეს, სადაც გადაწყვეტილება „ნაცების“ ციხის უფროსმა, გივი მიქანაძემ გამოაცხადა. ეს არის ის, როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ ამომრჩეველს. განათლების რეფორმას რაც შეეხება, სამი მიზნის მატარებელია – კორუფციული დაინტერესებაა. შენობები და მიწები აინტერესებთ, ასევე აკადემიურ თავისუფლებას ზღუდავენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოზიციების გამყარებაც ხდება. ამ უნივერსიტეტში კვოტებს ვერ ავსებენ და უნდათ, რომ ნაკადი, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში მიდიოდა, ქუთაისის უნივერსიტეტში გადავიდეს, რომელსაც მთელ საკანონმდებლო ბაზას არგებენ. ყველაფერს აკეთებენ, რათა ივანიშვილის ოთხ-ხუთ წლიანი გამოცდილების უნივერსიტეტი ფეხზე დადგეს და მისგან ღირსეული უნივერსიტეტი შეიქმნას. ამას ვერ გააკეთებენ, რადგან ასწლოვანი უნივერსიტეტის ფონზე ეს ღიმილის მომგვრელია“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.