„მთელი ქალაქი ტირის... დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1770238432
გულის შეტევის რისკის სკრინინგი მამაკაცებში უფრო ადრე უნდა ჩატარდეს — ამის თაობაზე მიუთითებს ახალი კვლევა, რომლის თანახმადაც, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი მამაკაცებში ზრდას იწყებს 30-იანი წლების შუა პერიოდში, ანუ გაცილებით ადრე, ვიდრე მსგავსი ტენდენცია ქალებში შეინიშნება.
ამერიკელმა მკვლევრებმა შეისწავლეს 5112 ადამიანის ჯანმრთელობა, რომელთა საშუალო ასაკიც დაახლოებით 34 წელი იყო. კვლევა 1980-იანების შუა წლებში დაიწყო, როცა მონაწილეები ჯანმრთელები, 18-30 წლისები იყვნენ; ამიტომ, მკვლევრებმა შეძლეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (მათ შორის ინსულტისა და გულის უკმარისობის) შემთხვევების დროთა განმავლობაში აღწერა.
მონაცემების მიხედვით, 35 წელი კრიტიკული ასაკია, როდესაც მამაკაცებსა და ქალებს შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს შორის სხვაობა გამოვლინებას იწყებს. სხვაობის დიდი ნაწილი მოდის გულის კორონარული დაავადებაზე (CHD) — გულის შეტევის ყველაზე ხშირ მიზეზზე, რომლის დროსაც, ცხიმოვანი დანალექები არტერიებში იჭედება და სისხლის მიმოქცევას ბლოკავს.
„ეს დრო შეიძლება ადრე ჩანდეს, მაგრამ გულის დაავადება ათწლეულების განმავლობაში ვითარდება და ადრეული მარკერები მოწიფულობის მიღწევისას უკვე ვლინდება. ადრეულ ასაკში სკრინინგით შეიძლება მალევე გამოვლინდეს რისკ-ფაქტორები, რაც იძლევა პრევენციული სტრატეგიების განხორციელების საშუალებას, რომლებიც გრძელვადიან რისკებს ამცირებენ“, — ამბობს აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ალექსა ფრიდმანი.
სხვა ხელშემწყობი ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის სისხლის წნევის, ქოლესტერინის, სისხლში შაქრის დონის, მწეველობის სტატუსის, ფიზიკური აქტივობისა და სხეულის წონის — ხარვეზი შემცირდა, მაგრამ არ გამქრალა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ამბავში სხვა რამეც იმალება.
მონაცემებმა აჩვენა, რომ კაცები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობის 5%-იან მაჩვენებელს ქალებთან შედარებით დაახლოებით შვიდი წლით ადრე აღწევენ, ანუ 50,5 წელი VS 57,5 წელი საშუალოდ. კონკრეტულად გულის კორონარული დაავადების შემთხვევაში, მამაკაცებში 2-პროცენტიანი მაჩვენებელი ქალებზე ათი წლით ადრე მიიღწევა.
ინსულტის შემთხვევაში, კაცებსა და ქალებს შორის სხვაობა მცირე იყო, გულის უკმარისობის შემთხვევათა სხვაობა კი სიცოცხლის გვიან ეტაპზე ვლინდება.
„მონაწილეები შედარებით ახალგაზრდები იყვნენ, ყველა 65 წელს ქვემოთ; ინსულტი და გულის უკმარისობა კი როგორც წესი, ცხოვრების უფრო გვიან ეტაპზე ვლინდება“, — ამბობს ფრიდმანი.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევას დეტალურად არ შეუსწავლია კაცებსა და ქალებს შორის სხვაობის მიზეზები — ნაწილობრივ ეს შეიძლება იყოს სხვაობები სასქესო ჰორმონებსა და ქოლესტერინის დონეში.
სქესებს შორის გულის კორონარული დაავადების რისკის 10-წლიანი სხვაობა ადრეც აღწერეს, მაგრამ ახალ კვლევაში გაანალიზებულია უფრო ახალი მონაცემები და მოიცავს უფრო ბევრი სახის გულ-სისხლძარღვთა დაავადებას.
გულის დაავადებები აშშ-ში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია როგორც კაცებში, ისე ქალებში და მკვლევრები ცდილობენ, არ დააკნინონ რისკები ქალებისთვის.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქალები უფრო ხშირად დადიან სპეციალისტებთან გამოკვლევებზე და მამაკაცებს ასეთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ გულის შეტევის რისკის მხრივ, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ უფრო მეტი გაკეთდება მამაკაცების წასახალისებლად, რათა მათ გულის ჯანმრთელობის შეფასება უფრო ადრეულ ასაკში ჩაიტარონ.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცების წახალისება გამოკვლევების ჩასატარებლად, მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად“, — ამბობს ფრიდმანი.