„სტრასბურგის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაბედეს პატიმრებმა დარღვევებზე საუბარი“ - იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ბექა ძამაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა საქმეზე – „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“. მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში ჩადენილი არაერთი დანაშაულის შესახებ ცნობილი მხოლოდ 2012 წლის შემდეგ გახდა, რადგან მანამდე პატიმრები კონკრეტულ ფაქტებზე ვერ საუბრობდნენ.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაბედეს პატიმრებმა დარღვევებზე საუბარი და მხოლოდ 2012 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ დარღვევებზე კონკრეტული რეაგირების მოხდენა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა პატიმართა სისტემატური და სისტემური წამება პენიტენციურ სისტემაში.

„სტრასბურგის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბევრი დარღვევის შესახებ ინფორმაცია ციხიდან არ გამოდიოდა, რადგან პატიმრებს ჰქონდათ შიში და ისინი ამ თემაზე ვერ საუბრობდნენ. წამების სისტემატური ხასიათის მიზანი იყო ის, რომ პატიმრები ყოფილიყვნენ მორჩილებაში და მათში შიში დანერგილიყო“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.