1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სტრასბურგის სასამართლომ პოზიტიურად და დადებითად შეაფასა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქართული სასამართლოების მიერ დამნაშავეთა სათანადო დასჯა, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
,,ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მომხდარი წამების ფაქტებზე მე-3 მუხლის არსებით და პროცედურულ ნაწილში დარღვევა დაადგინა.
საქმე ეხება მსჯავრდებულ აკაკი ოჩიგავას მიმართ 2011 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს პროკურატურაში 2016-2017 წლებში კომპლექსური გამოძიება ჩატარდა, რომლის შედეგად წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ათამდე ყოფილი თანამშრომელი, მათ შორის დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი, რეჟიმის ინსპექტორები და ოფიცრები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ.
აღნიშნული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ადგილი ჰქონდა სისტემურად დანერგილ პრაქტიკას პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის სახით. პატიმრებს N8 დაწესებულებაში შესახლებისთანავე განურჩევლად უსწორდებოდნენ ძალადობრივი მეთოდებით, პატიმრებს ასევე ყველა ძირითადი უფლება, რითაც შეეძლოთ ესარგებლათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უკანონოდ ჰქონდათ შეზღუდული.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პატიმართა მორალური ტანჯვის მიზნით, ხდებოდა მათი მოთავსება სასჯელაღსრულების დაწესებულების მორგში გარდაცვლილ პირებთან ერთად, სადაც პატიმრებს ამწყვდევდნენ ხანგრძლივი დროის მანძილზე.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 600-მდე მსჯავრდებული, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. როგორც გამოძიებით დადგინდა, პატიმრების მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა N8 დაწესებულებაში გახლდათ დანერგილი პრაქტიკა და გამიზნული იყო პატიმართა დამცირების, დაშინებისა და უსიტყვო მორჩილებისკენ.
2018 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყველა ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, ხოლო ნაწილი მათგანი ასევე მსჯავრდებულ იქნა წამების ბრალდებით.
საქმეში დაზარალებულად სხვა მრავალ პირთან ერთად, ცნობილი იქნა აკაკი ოჩიგავა. დაზარალებული სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, მის მიმართ სასჯელაღსრულების სისტემაში არასათანადო მოპყრობის ფაქტს და საწყის ეტაპზე არაეფექტურ გამოძიებას დაობდა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ქართული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ დაზარალებულის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა წამებას და არასათანადო მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილის დარღვევა.
ასევე, სტრასბურგის სასამართლომ პოზიტიურად და დადებითად შეაფასა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო არაერთი პირის მიმართ, რასაც მოჰყვა დამნაშავეთა სათანადო დასჯა ქართული სასამართლოების მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.