შრომის ინსპექციამ კლუბი „ბასიანი“ დააჯარიმა

basiani

შრომის ინსპექციამ კლუბი „ბასიანი“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ინსპექცია კლუბის ადმინისტრაციისთვის ჯარიმის ქვითრის ჩაბარებას ცდილობდა, თუმცა კლუბის კარი ჯერჯერობით არ გახსნილა.

ადგილზე შეკრებილი არიან ღამის კლუბის სექტორის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჯარიმის მიუხედავად 23:00 საათზე „ბასიანში“ ღონისძიება მაინც ჩატარდება.

„დღეს საღამოს კლუბში ღონისძიებას მაინც ჩაატარებენ და ვინც კლუბში მოვა შემდეგი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, რომ შეიძლება სახელმწიფო წავიდეს მტრულ ნაბიჯზე”,- განაცხადა საკლუბო სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ტატო გეთიამ.

შეგახსენებთ, კლუბ ბასიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო, ღამის კლუბების სექტორის მხარდამჭერები შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს „ბასიანის“ დაჯარიმებისა და დალუქვის საშუალებას არ აძლევდნენ.

ცნობისთვის, 22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

ორ წლიანი პაუზის შემდეგ ღამის კლუბებს მუშაობა 18 დეკემბერს უნდა გაეახლებინათ, თუმცა რამდენიმე საათით ადრე შრომის ინსპექციის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული და იმ შემთხვევაში თუ ისინი მუშაობას გააგრძელებდნენ დაჯარიმდებოდნენ.