შოთა თხელიძე: მომსწრე ვართ მეორე სისტემური ომის მსოფლიო მასშტაბით, პირველი სისტემური კონფლიქტი არის უკრაინა, მეორე - ირანი, ეს კონფლიქტები გადაწყვეტენ, როგორ საერთაშორისო სისტემაში ვიცხოვრებთ

შოთა თხელიძე

რეალურად, ჩვენ მომსწრე ვართ მეორე სისტემური ომის მსოფლიო მასშტაბით, – განაცხადა ანალიტიკოსმა შოთა თხელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„პირველი სისტემური კონფლიქტი არის უკრაინა, მეორე – ირანი და რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ სიტყვა სისტემურს? სისტემური კონფლიქტი გულისხმობს იმას, რომ ეს კონფლიქტები გადაწყვეტენ მომავალში, თუ როგორ საერთაშორისო სისტემაში ვიცხოვრებთ გლობალური საზოგადოება, შენარჩუნდება უნიპოლარიზმი და ვიქნებით ჰიპერუნიპოლარიზმში სამომავლოდ, თუ იქნება ეს რაღაც გარდაუვალი მულტიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესი. ამიტომ ეს კონფლიქტი დაემატა უკრაინის კონფლიქტს მნიშვნელობით და შეიძლება, მისი მნიშვნელობა უფრო გაიზარდოს, ვიდრე არის, მაგალითად, უკრაინის კონფლიქტი”, – განაცხადა თხელიძემ.

ამ განცხადებით ანალიტიკოსმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა: „რა არჩევანის წინაშე დგანან ახლა სპარსეთის ყურის ქვეყნები და რამდენად ჩნდება დაპირისპირების არეალის ზრდის საშიშროება ახლო აღმოსავლეთში, მით უმეტეს, რომ ჩვენ უკვე ვხედავთ ამის ნიშნებს ცალკეული განცხადებების სახით? მაგალითად, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყანას აქვს სრული უფლება, უპასუხოს ირანის თავდასხმას საერთაშორისო სამართლის დებულებების შესაბამისად. დღეს ასევე ვნახეთ, რომ ნატო-ს თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ირანული რაკეტები, რომლებიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა. ასევე, ვხედავთ, რა ხდება ლიბანში, სადაც ისრაელმა კიდევ უფრო მეტად სიღრმეში განალაგა თავისი სამხედროები და შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან ღია ომის დაწყებით იმუქრება“.

თხელიძის  თქმით, დღეს თუ შევხედავთ ირანის მოქმედებებს, ის მოქმედებს ე.წ მეთდოგის, ცოფიანი ძაღლის პრინციპით, რომელსაც სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა იმისა, როგორც ის იქცევა.