1770671781
შოთა ბერეკაშვილი „წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა
კომპანიების Aqualia-სა და GWP-ის ორგანიზებით, წყლის რესურსების სტრატეგიული მართვისა და სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი რესურსის ეფექტიანად გამოყენების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმი იმართება. ღონისძიების მონაწილეები - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიისა და სემეკის წარმომადგენლები, წყლის რესურსების დარგის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის წყლის სექტორის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ინვესტიციებსა და პარტნიორების მხარდაჭერაზე, რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე პანელური დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ.
საერთაშორისო ფორუმი მისასალმებელი სიტყვით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე.
ფორუმის პირველ პანელზე, რომლის სადისკუსიო თემა წყლის სამთავრობო პოლიტიკის საკითხებს შეეხებოდა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წყლის რესურსების მართვის პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობასა და დარგის განვითარებისთვის შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„წყლის რესურსების მართვა ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა და მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სექტორი როგორც სახელმწიფო მუნიციპალური, ასევე კერძო სტრუქტურებით რეგულირდება. კერძო ინვესტიციების გარეშე შეუძლებელი იქნება წყლის რესურსების მართვის სწორი მენეჯმენტი, რადგან ეს სფერო ძალიან მნიშვნელოვან კაპიტალურ ინვესტიციებს და დანახარჯებს მოითხოვს.
ამ პროცესებში განსაკუთრებული როლი ენიჭება პარლამენტს, რადგან სწორი კანონმდებლობით მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვის უფრო გააქტიურება ხდება შესაძლებელი. ყოველივე ამის მისაღწევად აუცილებელია, რეგულირება პროგნოზირებადი, გასაგები იყოს. ინვესტორისთვის გასაგები უნდა იყოს თამაშის წესები, გრძელვადიანი პროცესები და ინვესტორს სწორად ესმოდეს, თუ რა არის მისი პასუხისმგებლობები“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, სრულყოფილი კანონმდებლობა ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობებს იძლევა და საქართველოს ამ კუთხით დაბალანსებული პოლიტიკა აქვს, რომელიც კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხება.
„საქართველოში ტარიფები სამ წელიწადში ერთხელ გადაიხედება. ეს სექტორში მომუშავე კომპანიებს საშუალებას აძლევს, სამწლიანი პროგნოზირებით დაგეგმონ საკუთარი ინვესტიციები და ბიზნეს პროცესები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი სტაბილურობის ფუნდამენტს ქმნის.
ჩვენ პარლამენტის მხრიდან აქტიურად ვართ ჩართული სემეკთან რეგულირების ნაწილში. საკანონმდებლო დონეზე ყოველთვის მზად ვართ, მნიშვნელოვანი ინიციატივები მოვამზადოთ, რომლებიც დიდი რაოდენობის ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ სახელმწიფოს ჩართულობით შეუძლებელია გვქონდეს წყლის მართვის ეფექტიანი სისტემები. ამ პროცესებში კერძო სექტორის ჩართულობის საჭიროება დგება, რადგან სწორედ კერძო სექტორია ლიდერი ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მხრივ.
ჩვენთვის მართლაც დიდი წარმატებაა, რომ საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანია - Aqualia საქმიანობს, რომელიც სექტორის გაჯანსაღებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის მოცულობით ინვესტიციებს ახორციელებს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.









