1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ნიკა მელიას აუდიოჩანაწერი დღეს აქტუალური თამარ ჩერგოლეიშვილმა კიდევ ერთხელ გახადა. ,,ტაბულას" რედაქტორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გავრცელებული აუდიომასალა, რომელშიც მელია მიხეილ სააკაშვილს აგინებს, ავთენტურია. ჩერგოლეიშვილის მტკიცებით, ხმოვანი შეტყობინება ჯერ კიდევ 2016 წელს მეგობრულ ჩათში მოხვდა, რომელშიც დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, ნიკა მელია და "ნაცმოძრაობის" იმდროინდელი ლიდერები იყვნენ გაწევრიანებული.
ჩერგოლეიშვილის ბრალდებას დღეს 2016 წლის ჩათის არცერთი წევრი არ გამოხმაურებია. პირადი მიმოწერის პოლიტიკური მიზნით გავრცელებას, ამორალური ქმედება უწოდეს ნიკა მელიას მხარდამჭერმა პოლიტიკოსებმა. მათი თქმით, კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფლანგმა პარტიულ არჩევნებში წარმატებისთვის ყველა ზღვარი გადაკვეთა.
როგორ აღმოჩნდა მეგობრულ ჩათში ჩაგდებული ხმოვანი შეტყობინება მედიაში - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, "ნაციონალური მოძრაობის" სათავეში მოსულ ჯგუფს არ სურს. თუმცა ამბობენ, რომ ტაბულას რედაქტორმა აუდიომასალის ნამდვილობა დაადასტურა. პოლიტიკოსების აზრით, ექს-პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ შესაბამისი პასუხი უნდა აგოს.
ყველზე დიდი ოპოზიციური პარტიის ირგვლივ მიმდინარე პროცესების დამშვიდებას ერთადერთ საშუალებად ფულს მიიჩნევს იაგო ხვიჩია.
ოპოზიციის ნაწილის მსგავსად, "ნაციონალურ მოძრაობაში" გადამწყვეტ როლს რომ ე.წ. შავი ფული და შანტაჟი ასრულებს, ამაზე დღეს მმართველი გუნდიც საუბრობდა. "ქართულ ოცნებაში" მელიას ფარული ჩანაწერის წარმომავლობას "ნაცმოძრაობის" თვითლუსტრაციის მორიგ მაგალითს უწოდებენ. კანონმდებლების აზრით, ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალაში დაწყებული პროცესები მისი საბოლოოდ დაშლის წინაპირობად იქცევა.
2016 წელს გაკეთებული ჩანაწერი ნიკა მელიას შიდაპარტიული საარჩევნო მარათონის დროს გამოუქვეყნეს. თავად მელია დღეს ამ საქმეზე დუმს, თუმცა ხმოვანი შეტყობინების გავრცელების უკან მისმა გუნდის წევრებმა, რამდენიმე კვირის წინ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელწერა დაინახეს.