შედგება თუ არა უკვე კრახგანცდილი გაერთიანება? - „ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ“

აქცია

შედგება თუ არა ოპოზიციის უკვე კრახგანცდილი გაერთიანება? - ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთხელ გაჩნდა იდეა - ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ. როგორც ოპოზიციონერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს,  თუ „ნაცმოძრაობა“ წინაღობებს მოხსნის, პარტია ბევრ ადამიანს მიიზიდავს“.

რამდენად წარმატებული იქნება წარსულში არშემდგარი გაერთიანების მორიგი მცდელობა? - როგორც პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, ეს ინიციატივა შედეგს  ვერც ახლა გამოიღებს.

„ეს ინიციატივა შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან უკვე კრახგანცდილი გავლილი თემაა. ამ იდეის ავტორი ცდილობს, პოლიტიკურ დღის წესრიგში იყოს. უგულავას აქვს მცდელობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული ადგილი დაიმკვიდროს, საპარლამენტო არჩევნების ჭრილში. არ გამოვრიცხავ, რომ მას სურდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნება და რისთვისაც ეძებს შემოსვლით გზებს. იდეა, ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ, ნაფიქრს არ ჰყავს“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ამ ინიციატის განხორციელებაში ეჭვი ეპარება პოლიტიკის ექსპერტს, გია ხუხაშვილსაც. როგორც ის ჩვენთან საუბრისას აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ოპოზიციის გაერთიანება შეუძლებელია.

„ეს მკვდრადშობილი პროექტია, რომელიც ვერ შედგება. ოპოზიცია მრავალფეროვანია და შეუძლებელია, მისი ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა. ასეთი ეკლექტიკა არასდროს არის შედეგის მომტანი. ეს არის ერთი ადამიანის მოსაზრება, რომელსაც განხორციელება არ უწერია. არ ვიცი, უგულავას ამ იდეის მართლა სჯერა, თუ უბრალოდ, მან პოლიტიკური განცხადება გააკეთა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში  ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია:

„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის, ვინც ეთანხმება სადამფუძნებლო პრინციპებს, იდეალებს, პატივს სცემს პარტიის ბიოგრაფიას, თუნდაც რომ კრიტიკულად აფასებდეს ბევრ საკითხს. ასე მოხდება პარტიის გამრავალფეროვნება, ახალი ხალხისა და პოლიტიკურად აქტიური ჯგუფების პარტიაში მოზიდვა (შეგნებულად არ ვხმარობ სიტყვა განახლებას). ენმ დიდი პოლიტიკური მაგნიტია და თუ ის მოხსნის წინაღობებს, ის ბევრ ადამიანს მიიზიდავს. თუ გვინდა ცვლილებები/რიგგარეშე ეს პროცესი, რომელიც მეტ-ნაკლებად, დაწყებულია, გასააქტიურებელია“,- დაწერა  გიგი უგულავამ.

პოსტი ვრცლად შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.