„ამას „მიშისტები“ აღარ აპატიებენ“ - მელიას სკანდალურ განცხადებებსა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოსალოდნელ პროცესებს ანალიტიკოსი აფასებს

მელია

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიაში განვითარებული სკანდალური პროცესებით კვლავ საზოგადოების ყურადღებას იქცევს. აღმოჩნდა, რომ პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა საერთოდ არ სურდა. მელიასთვის არც იდეა - „თავისუფლება მიშას“ ყოფილა მთავარი მიზანი.

ამასთან, ისიც ხდება ცნობილი, რომ „ნაცმოძრაობის“თავმჯდომარეს, მერის არჩევნებში წაგება საერთოდ არ გაჰკვირვებია, რადგან მისი თქმით, პარტია „ფეხბურთის სათამაშოდ ისე გადის, რომ არც ვარჯიშობს“.

რა პროცესები მოჰყვება პარტიაში ნიკა მელიას ამ სკანდალურ განცხადებებს და აპატიებენ თუ არა „მიშისტები“ მელიას შიდაპარტიული პრობლემების გარეთ გამოტანას, საკითხზე „პრაიმტაიმთან“ პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი საუბრობს.

როგორც ახვლედიანი აცხადებს, ნიკა მელია "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ სჭირდება და  "მიშისტები" მის მიმართ უკმაყოფილებას ვეღარ მალავენ. 

„ნიკა მელიას უნდოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილი თავმჯდომარე გამხდარიყო. ის ცდილობდა, პარტია საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია, რაც არ გამოუვიდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლის სახით ჰყავს მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი, ეს პარტია იარსებებს მანამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პოლიტიკაში.  თუ არ იქნება მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობაც“ გაქრება.  ნიკა მელიას პარტიაში სერიოზულად შეუზღუდეს უფლებები და ისედაც ნომინალური თავმჯდომარე, კიდევ უფრო ნომინალური გახდა.

გაუგებარია, რატომ ინარჩუნებს ნიკა მელია საკუთარ თავს პარტიაში. მან ვერ გაიაზრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მისი პარტია. მელიას თუ უნდა სააკაშვილის სექტას მოსწონდეს, უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ყურმოჭრილი მონა და მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელი.  ახლა "მიშისტები" მელიას მიმართ უკმაყოფილებას აღარ მალავენ და ამ განცხადებებს აღარ აპატიებენ, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ სჭირდება. დიდი ხანია, მელია ამ პარტიიდან წამოსული უნდა იყოს“,- განაცხადა ახვლედიანმა.

რას ამბობს ნიკა მელია ფარულ ჩანაწერში, რომელიც რამდენიმე დღის წინ  ტელეკომპანია „იმედმა“  გაავრცელა (ამ ჩანაწერის ავთენტურობა მელიამ დაადასტურა). გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს:

„როგორ მოვიგებდი გლდანში არჩევნებს. ჩვენ პირდაპირ ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ მოწინააღმდეგესთან ისე, რომ არ ვვარჯიშობთ, შორტებს ვიცვამთ, გავდივართ და დარწმუნებულები ვართ რომ მოვიგებთ“

„თუ თქვენი და თქვენი მეზობლის მთავარი იდეა თუ არის „თავისუფლება მიშას“, არ გამოვა, სხვა რამე უნდა იყოს“.

"ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი მიშას, ხმას არ ამოიღებენ-მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მისი ჩამოსვლის, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა“.

ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართებოდა. ის ასეთი ტექსტებით „ნაციონალური მოძრობის“ მხარდამჭერებს ესაუბრება.