შალვა პაპუაშვილი - ტყუილია, თითქოს ქართულ არჩევნებში ჩაერია რუსეთი, ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის მთელმა სამეგობრომ, მართლა რა არის, საბავშვო ბაღია?

შალვა პაპუაშვილი

ტყუილია, თითქოს ქართულ არჩევნებში ჩაერია რუსეთი, ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის მთელმა სამეგობრომ, 12 წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და რუსეთის მეტი სიტყვა არ დასცდენია ოპოზიციას და მის უცხოელ მხარდამჭერებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით სიტყვა რუსეთს ვინც ახსენებს, ყველას პასუხს გასცემენ.

„26 ოქტომბერს არჩევნებში რუსეთის ჩარევა დაინახეთ? ხომ ვერ დაინახეთ. როგორც საქართველოს მოქალაქე, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობთ, რომ საფრანგეთის ელჩის მიწოდებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ავრცელებს ცრუ ნარატივს, თითქოს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი კი არ გავედით არჩევნებზე და ჩვენი ნება გამოვხატეთ, არამედ ჩამოფრინდა ვიღაც მოსკოვიდან და იმან ჩაატარა არჩევნები. ამას გადაგვაყოლეს 12 წელია, ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის მთელმა სამეგობრომ.

12 წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და რუსეთის მეტი სიტყვა არ დასცდენია ოპოზიციას და მის უცხოელ მხარდამჭერებს. ტყუილია, თითქოს ქართულ არჩევნებში ჩაერია რუსეთი. ყველამ, მათ შორის ჟურნალისტებს, ვისაც კეთილსინდისიერება გაქვთ შერჩენილი, ხომ უნდა იგრძნოთ თავი შეურაცხყოფილად? მართლა რა არის, საბავშვო ბაღია, რომ ქართველ ხალხს ამხელა ტრიბუნიდან გველაპარაკებოდნენ და ცრუ ნარატივებს ავრცელებდნენ? წეღან ვნახე პოლონეთის ერთ-ერთი სენატორის განცხადება, რუსული მანიპულაციაო. ამიტომ, რა დონეც არ უნდა იყოს, იქნება ეს ჩვეულებრივი უცხოელი მოქალაქე, დეპუტატი, პრეზიდენტი, თუ ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს პოლიტიკასთან, ჩარევასთან დაკავშირებით სიტყვა რუსეთს ვინც ახსენებს, ყველას გავცემთ პასუხს, რადგან ეს უნდა დასრულდეს.

გუშინ წინ მოისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის ინტერვიუ ჟურნალისტ ფრიდმანთან, მოისმინეთ, რა ისაუბრა ბუდაპეშტის მემორანდუმზე. 30 წელი შესრულდა ამ მემორანდუმიდან, როდესაც უკრაინამ დათმო ატომური იარაღი. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინა ხდებოდა მსოფლიოში მესამე ქვეყანა ატომური იარაღის სიძლიერით. ეს ატომური იარაღი დაათმობინეს და მისცეს უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის, საფრანგეთი იყო უსაფრთხოების გარანტორი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გუშინ წინ თქვა, რომ ვიდრე რუსეთის 2022 წლის აგრესია დაიწყებოდა, საუბარი ჰქონდა ყველა გარანტორთან, მათ შორის საფრანგეთთან, რომ დადგა მომენტი, თავის დროზე დავთმეთ ატომური იარაღი, თქვენ მოგვეცით პირობა, იქნებოდით უსაფრთხოების გარანტიო. დადგა მომენტი და გაიხსენეთ, რა თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რა გვითხრეს ამაზეო და რა განწყობაა – „პო ხერ“,  აი, რა გვითხრეს საბოლოო ჯამშიო. ასე მიუდგნენ უკრაინას.

ამიტომ, ვინმეს რუსეთზე თუ უნდა საუბარი, აგერ არის უკრაინა და დახმარებოდნენ თავის დროზე, როგორც საჭირო იყო და დაეხმარონ ახლაც. ახლა ნელ-ნელა აპარებენ, მათ შორის საფრანგეთის ხელისუფლება ნელ-ნელა აპარებს უკრაინელებს, მოგიწევთ ტერიტორიის დათმობა და ამას შეეგუეთ, შემდეგ დიპლომატიურად რაღაც შეიძლება მოხდესო. ახლა, სამი წლის თავზე რომ აპარებენ, როდესაც ათი ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი, ბავშვი, ქალი დაიღუპა და ნახეთ პრეზიდენტ ზელენსკის სასოწარკვეთილი ინტერვიუ ფრიდმანთან. რასაც ვუყურეთ, ზუსტად ეს არის იმედგაცრუება. ამიტომ, სადმე ვინმეს თუ აწუხებს რუსეთის პოლიტიკა, აგერ არის უკრაინა, მიეხედათ თავის დროზე, ერთი წლის წინ, ორი წლის წინ, სამი წლის წინ ან ახლა მაინც გამოიჩინონ სათანადო ძალები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.