„ამოიცნო და 60 ჭრილობა მიაყენეს…“ - რა დეტალები ხდება ცნობილი, გურიაში, სასტიკად მოკლულ ქალზე
1788164646
ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, ქვეყანა დაანგრიოს, იყოს სისხლისღვრა, სახელმწიფოს დამხობა, ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმეზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, უკვე წლებია, მათი მეთოდია, სხვადასხვა ტრაგედიაზე პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი.
„ამაში უკვე, სამწუხაროდ, არაფერი გასაკვირი არ არის. ეს ასეთი მოწყობის ხალხია, ასეთი ჯგუფია. ვხედავთ, რომ საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, ყველაზე კარგად ეს ვნახეთ ჩვენ შარშან 4 ოქტომბერს, 7 ათასი ადამიანი, რომელიც მზად არის, ქვეყანა დაანგრიოს, სისხლისღვრა იყოს, სახელმწიფოს დამხობა იყოს – ამ ყველაფერზე წამსვლელია. გვყავს საზოგადოებაში ეს 7 ათასი ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს ვიხილეთ. აქედან რამდენიმე ასეული უფრო აქტიურია და განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ, უკვე წლებია, მათი მეთოდია, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი.
ყველა ასეთ დროს, როდესაც ცდილობდნენ, ტრაგედია გამოეყენებინათ, ყველაფერზე კისერი წაიმტვრიეს იმ მხრივ, რომ გამოჩნდა ან თავიდანვე ჩანდა, რა იყო სიმართლე და პირდაპირ ჩანდა, რომ ეს ადამიანები დაკავებული არიან მანიპულაციით და რეალობის გაყალბებით. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არიან, მათ შორის, ის ორგანიზაციები, რომლებიც თავის თავს მედიას უწოდებენ და სინამდვილეში უბრალოდ ისტერიას და მანიპულაციას არიან მიყოლილი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და „გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად ჩართული იყვნენ ამ უბედური შემთხვევის დადგომაში და საბოლოო პასუხი გაეცემა გამოძიების მხრიდან ყველა ამ საკითხს“.
„შეთქმულების თეორიის მოყვარული უნდა იყოს ვინმე, ვინც ამ საქმეზე ფაქტებს არ ენდობა ან ძალიან დიდი მტერი უნდა იყოს საქართველოსი და ქართული საზოგადოების“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ბლოგერი დაურ ბუავა 28 აგვისტოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით, 29 აგვისტოს უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამასთან, პოლიციამ ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 30 აგვისტოს ორი პირი დააკავა.