„ამოიცნო და 60 ჭრილობა მიაყენეს…“ - რა დეტალები ხდება ცნობილი, გურიაში, სასტიკად მოკლულ ქალზე

ლენტა

გურიაში, სოფელ ნასაკირალში, გუშინ დაკრძალეს 60 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძე, რომელიც საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ფულის გამო მოხდა.

როგორც მოკლული ქალის ოჯახის ახლობელი გამოცემა „ბათუმელებს“ უყვება, მარგო ზოიძეს ძარცვამდე ტელეფონზე დარეკვა უცდია. ოზურგეთში, საავადმყოფოში რომ მიუყვანიათ, მარგოს ხელში ერთ-ერთი მკვლელის თმა ჰქონია შერჩენილი. ექიმს უთქვამს – „ჩემს პრაქტიკაში რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი სასტიკი არაფერიო“.

მკვლელობა, რომ შესაძლოა ერთ-ერთი თავდამსხმელის ამოცნობას უკავშირდებოდეს, ადასტურებს გარდაცვლილის ახლობელი.

„ჩვენი გვარის საამაყო რძალო, ვაჟკაცო და უდრეკო-უშიშარო, გამორჩეული იყავ შენი სტუმართმოყვარეობით. ადამიანი არ არსებობდა ფინანსურად ხელი არ გაგემართა, ყველას ეხმარებოდი, მეზობლის ბანკის ვალი გადაიხადე 10 000 ლარი. უნაკლო და უბადლო იყავი ყველაფერში. დღედაღამ შრომაში ატარებდი, რომ შვილებსა და შვილიშვილებს არაფერი მოკლებოდათ, ყველას ტკივილის გამზიარებელი იყავი. შენი ვაჟკაცობით დაიცავი თავი, ნიღაბი ჩამოგლიჯე, ამოიცანი და სასიკვდილოდ გაგიმეტეს, 60 დანის ჭრილობით, კართან შველას ითხოვდი, დამხმარე არავინ დარჩა. მკვლელის თმები ხელში გეჭირა, მხოლოდ დანის გამოყენებით გაჯობა. ჩვენ გულში ცოცხლად დარჩები, ჩვენი დიდი ტკივილი ხარ“,- წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.