„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ეს არის ჰიბრიდული თავდასხმის ერთ-ერთი ფორმა - საინფორმაციო თავდასხმა, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით და რომელშიც ჩართული არიან უცხოეთიდან დაფინანსებული მედია პლატფორმები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბოლო დღეებში ოპოზიციის მიერ გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციისა თუ სიების შესახებ.
მან ამ საინფორმაციო თავდასხმის ერთ-ერთ მაგალითად on.ge-ის მიერ გამოქვეყნებული ძველი განცხადება მოიყვანა.
„მაგალითად, გუშინ ვნახეთ, on.ge-მ, რომელიც მართალია, მალავს, მაგრამ სავარაუდოდ, ვხვდებით, რომ დაფინანსებულია ბრიუსელიდან ან ევროკავშირის წყაროებიდან, რამდენიმე პირის ერთ-ერთი შარშანდელი განცხადება გამოაქვეყნა, როგორც ახალი განცხადება იმისთვის, რომ რაღაც საინფორმაციო ხმაური შეექმნა.
მეორე ვიხილეთ ე.წ. სპეცრაზმელების სია, რაც სინამდვილეში აღმოჩნდა ყალბი სია, რომელიც აღებულია საარჩევნო სიებიდან, მათ შორის ძველი სიებიდან, სადა არიან გარდაცვლილი ადამიანები, არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა პროფესია აქვთ და არანაირი კავშირი არ აქვთ ძალოვან უწყებებთან ესეც გახლავთ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობა - სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული, იმისთვის, რომ შექმნან საინფორმაციო ხმაური, დაბნეულობა და ამ დაბნეულობის ფონზე ისარგებლონ შემდეგ, რომ ყალბი ნარატივებით გამოიწვიონ ემოციური აღტკინებები ამა თუ იმ ჯგუფში საზოგადოებისა.
ეს ყველაფერი არის კოორდინირებული პარტიულ, ენჯეო და მედია სექტორს შორის. ყველა ასეთი კამპანიის უკან იკითხება უცხოური დაფინანსება და მათი მონაწილეობა. ამ ყველა სქემას ძალიან დეტალურად აკვირდება ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები. მათ შორის, რამდენიმე სქემა გაიშიფრა წინსწრებით, თუმცა, საჯაროდ გაუშიფრავი სქემებიც კარგად არის ცნობილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, ამ კამპანიის აწყობის შესახებ დასკვნები ნებისმიერს შეუძლია, თავად გააკეთოს.
„ზედმეტი სხვა ინფორმაციების მოყვანის გარეშე ნებისმიერს შეუძლია, საჯარო წყაროებიდან გამოიტანოს დასკვნა, თუ როგორ მოხდა ამ კამპანიის აწყობა. თავდაპირველად ვნახეთ, რომ ფეისბუკზე გუშინ შეიქმნა ყალბი ანგარიში ერთადერთი მიზნით, რომ დადებულიყო ეს ე.წ. სქრინები და ან სიები. და დადების მომენტიდანვე „ტვ პირველმა“, ხაზარაძის მედიამ ამის წყაროდ აღება და გამოყენება, ამიტომ მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის „ლელოს“, პირადად ხაზარაძის მიერ დაგეგმილი ღონისძიება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ამ სიების გამოქვეყნების უკან სხვა განზრახვა იდგა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს სიები მოძველებული სიებია უნდა დავაკვირდეთ იმ განზრახვას, რომელიც ამის უკან იდგა, შეიძლება, თავადაც არ იცოდნენ, რომ ყალბი სიები აქვთ - როდესაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლების პირადი მონაცემების გამჟღავნება ხდება, მათ შორის, თუკი ისინი ამბობდნენ, რომ ესენი არიან სპეცრაზმელები, სხვადასხვა უწყების სპეცრაზმელები დღე და ღამ, 24 საათის განმავლობაში ტყვის უშვერენ შუბლს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი უსაფრთხოება, ეს სპეცრაზმელები არიან, რომლებიც აკავებენ ნარკო დამნაშავეებს, ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ დამნაშავეებს ეს სპეცრაზმელები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველო ტერორიზმისგან თავისუფალი სივრცე იყო. ამ სპეცრაზმელების პერსონალური მონაცემების გამჟღავნების უკან იკითხება სურვილი, რომ ისინი გახადონ ყაჩაღების, ნარკო დამნაშავეების, ტერორისტების“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, ხელისუფლება ამ საკითხს მიუბრუნდება პოლიტიკური და მორალური შეფასებით.
„როდესაც ეს იკადრა „ტვ პირველმა“ და მამუკა ხაზარაძემ, რომ იმისთვის, რომ 5-წუთიანი საინფორმაციო ხმაური მოეწყო, რომელიც აღმოჩნდა სიყალბე, მზად იყო, ამისთვის გაეწირა ქართველი სპეცრაზმელები თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და ამაზე მას რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხი მოეთხოვება მათ შორის, ხვალ ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.